აფიშა | თბილისი

განახლებული დადგმის პრემიერა- 'ამიკო'

რეჟისორისა და მსახიობის ოთარ ბაღათურიას პიესა 'ამიკო' 1994 წელს არის დაწერილი და მასში ტკივილამდე მისული სიცხადითა და რეალიზმით არის ასახული იმ პერიოდის საქართველოს ცხოვრება. ავტორმა თითქოს საგანგებოდ შეარჩია ის სახელები, რომლებიც ჩვენს ქვეყანასთან, მის კულტურასთან, წარსულთან ასოცირდება: ამირანი, ნინო, ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი და თათია – სავარაუდოდ თამარი. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და მათი ცხოვრების მაგალითზე ავტორი გვიჩვენებს, თუ რა მძიმე სულიერი დაღი დაასვა ყოველ მათგანს თავს დატეხილმა გაჭირვებამ. აღარც ერთში არაფერი დარჩენილა მათი მითიური, ისტორიული თუ ლიტერატურული მოსახელეებისაგან. ქვეყანა თავზე ენგრევათ და საკუთარი თავის გადარჩენის გარდა, არავინ არაფერს ფიქრობს. ავტორი თითქოს განჭვრიტავს, რომ თუ 'ამიკოს' გმირები კერძოდ და ქვეყნის მოქალაქენი ასე გააგრძელებენ, საქართველო დიდხანს იქნება მძიმე სულიერ და ეკონომიკურ კრიზისში. რაც ახდა კიდეც. ოთარ ბაღათურის კვლავ მოუბრუნდა თავის ამ პიესას, რათა შეგვახსენოს ჩვენი მაშინდელი მდგომარეობა, არ დაგვავიწყოს და საზოგადოებას მოქალაქეობრივი სიფხიზლისაკენ მოუწოდოს.

წყარო: მოზარდ მაყურებელთა თეატრი