სპორტი › ჭიდაობა | საზღვარგარეთ

გიორგი გოგშელიძემ ახალგაზრდა 'თავისუფლების' შემადგენლობა დაასახელა

გიორგი გოგშელიძემ ახალგაზრდა 'თავისუფლების' შემადგენლობა დაასახელა
გიორგი გოგშელიძემ ახალგაზრდა 'თავისუფლების' შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გოგშელიძემ დაასახელა ევროპის პირველობაზე წასაყვანი შემადგენლობა. ალექსანდრე კილაძე (50; რუსთავი), რამაზ დარჩიძე (55; აჭარა), გიორგი ბრეგაძე (60), ომარ გურჯიძე (66; ორივე - ქუთაისი), ტარზან მაისურაძე (74; ყაზბეგი), გიორგი ჩხარტიშვილი (84), ნოდარ კურტანიძე (96; ორივე - თბილისი), გენო პეტრიაშვილი (100; გორი) - ასეთია მისი რჩეული გუნდი.

ამათგან გამოსარჩევია კილაძე - ეს ბიჭი ჯერ კიდევ ჭაბუკთა ასაკისაა და შარშან იქ ევროპის პრიზიორიც გახდა, თუმცა მაშინ 42 კილოგრამში გამოდიოდა და ზედმეტი წონის იმდენად სერიოზული პრობლემა შეექმნა, მოგვიანებით მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერც გამოვიდა.

აღსანიშნავია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძის შვილის - ნოდარ კურტანიძის დებიუტიც. ასევე პირველად იჭიდავებს ამ რანგის ტურნირზე ბრეგაძე.

ჭაბუკთა შორის მედლები არ აკლიათ დარჩიძეს, გურჯიძეს, მაისურაძეს და ჩხარტიშვილს, თუმცა გუნდის გამოკვეთილი ლიდერი მაინც პეტრიაშვილია - ის ამ ასაკში ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი გამარჯვებულია. გორელი ათლეტი წლეულსაც ფავორიტია, რაც სულაც არაა გასაკვირი - ის ხომ უფროსებშია ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი.

ჩვენი ნაკრები კატოვიცეში 15 ივნისს გაფრინდება, 17-ში კი ტურნირიც იწყება. პირველ დღეს ქართველთაგან კილაძე, ბრეგაძე, მაისურაძე და კურტანიძე იჭიდავებენ.

აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ გურჯიძე და მაისურაძე კატოვიცეში ერთად გახდნენ ჭაბუკთა შორის ევროპის მესამე პრიზიორები. იმედია, ეს ქალაქი მათთვის ფეხბედნიერი იქნება.

წყარო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

წყარო: sportall.ge