საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ეროვნულმა გუნდმა ჩემპიონატის წინ, ბოლო მოსამზადებელი შეკრება ყვარელში გაიარა.
ყვარელის შეკრების მიმდინარეობასა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა გამოაცხადა. უზნაძემ მონაწილე ნაკრებებისთვის დაწესებული ქვოტა მოლოდინისამებრ, სრულად გამოიყენა და ფრანგულ ტატამზე ინდივიდუალურ შეჯიბრში 9 სპორტსმენი იასპარეზებს, 2 ძიუდოისტი კი ნაკრებს გუნდურ ტურნირში დაემატება.
მონპელიეში გამგზვრების წინ, 17 აპრილს ყვარლის სპორტულ დარბაზში გუნდმა ბოლო ვარჯიში გამართა. ნაკრების ღია ვარჯიშს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - თამაზ თევზაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი დოლაბერიძე და მასობრივი სპორტის სამმართველოს უფროსი, ძიუდოს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი - ვლადიმერ ნუცუბიძე დაესწრნენ.
ჩემპიონატის პირველ დღეს, 24 აპრილს მედლებისათვის 60 და 66 კგ. წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძოლებენ, 25 აპრილს 73 და 81, ხოლო 26 აპრილს 90, 100 და +100 კგ. წონითი კატეგორიის ძიუდოისტები, 27 აპრილს გაიმართება გუნდური შეჯიბრი. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის ტრანსლირებას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები
- 60 კგ - ამირან პაპინაშვილი
- 73 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი
- 81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი
- 90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი და ზვიად გოგოჭური
- 100 კგ - გურამ თუშიშვილი
- +100 კგ - ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი
გუნდურ შეჯიბრში საჭიროების შემთხვევაში გუნდს დაემატებიან შალვა ქარდავა (66 კგ) და უშანგი მარგიანი (81 კგ).
მთავარი მწვრთნელი: ირაკლი უზნაძე
წყარო: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია