ეკონომიკა | თბილისი

პატიმართა დასასაქმებლად ბიზნესწინადადებების მიღება გრძელდება

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე მცირე საწარმოების მოსაწყობად კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან ბიზნესწინადადებების მიღება 2014 წლის 5 თებერვლამდე გაგრძელდება.

როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, მეწარმეები, ვინც აღნიშნული პროექტით დაინტერესდებიან, ციხეებსა და კოლონიებში 1 500 კვ.მეტრ კომერციულ ფართს მიიღებენ, სადაც შეყვანილია ყველა საჭირო კომუნიკაცია.

თავის მხრივ, მეწარმე ვალდებულია, პატიმრები დაასაქმოს და მათ შესაბამისი ანაზღაურება გადაუხადოს. დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი ბიზნესწინადადებები არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში უნდა წარადგინონ.

საუკეთესო ბიზნესპროექტს საკონსულტაციო საბჭო გამოავლენს, რომლის შემადგენლობაში შედიან სასჯელაღსრულების სამინისტროს ცენტრალური აპარატის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი