საერთაშორისო ოლიმპიადის მინი ფეხბურთის ტურნირის გახსნის ცერემონიალი
თბილისში, "მიხეილ მესხის" სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება სპეციალური ოლიმპიადის ევროპული ტურნირი ფეხბურთში.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 230-ზე მეტი ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენი 14 ქვეყნიდან - ბელგია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია, დანია, უნგრეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი და საქართველო. აქედან, 6 ქალთა და 12 ვაჟთა გუნდია.
ტურნირის გახსნის ცერემონია დაიწყება ოლიმპიური ჩირაღდნის გარბენით თავისუფლების მოედნიდან „მიხეილ მესხის" სტადიონამდე. გარბენში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ამით სპეციალური ოლიმპიადის მხარდაჭერას გამოხატავენ.
ეს ტურნირი ევროპის მასშტაბით და სპეციალური ოლიმპიადის ეგიდით ტარდება და მისი მხარდამჭერი UEFA RESPECT. ამით ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საფეხბურთო თანამეგობრობაში გაერთიანების ხელშეწყობა ხდება.