კულტურა › ფესტივალი | თბილისი

თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრი ალ ბუსტანის 21-ე საერთაშორისო ფესტივალზე

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და საბალეტო დასი ბეირუთში (ლიბანი) ალ ბუსტანის 21-ე საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

ევროპის საფესტივალო ასოციაციის წევრის, ალ ბუსტანის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის აუდიტორიის წინაშე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი ამჯერად უკვე მეოთხედ წარსდგება (2011 წლიდან ყოველწლიურად მონაწილეობს ფესტივალში), რაც გასულ წლებში მიღწეული წარმატების დასტურია.

ალ ბუსტანის საერთაშორისო ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო.

ალ ბუსტანის 21-ე საერთაშორისო ფესტივალი 18 თებერვალს დაიწყება და 23 მარტამდე გასტანს. ფესტივალი, 18 თებერვალს თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრის კონცერტით გაიხსნება. შესრულდება ანტონინ დვორჟაკის უვერტიურა „ბუნების წიაღში“ და მე-9 სიმფონია „ახალი სამყაროდან“, ნინო როტას სიუიტა და რობერტო მოლინელის „გაზაფხულის გული“ და „ქარბუქიანი ზამთარი“. სოლისტის ამპლუაში წარსდგება მსოფლიო აღიარების მქონე ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი. იგივე პროგრამა შესრულდება 20 თებერვალსაც.

22 თებერვალს თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრი სცენაზე ფრანგ მევიოლინე ალექსანდრა სუმთან ერთად გამოვა. პროგრამაშია ფელიქს მენდელსონის უვერტიურა „ჰიბრიდები“, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტი და პეტრე ჩაიკოვსკის პირველი სიმფონია.

ქართულ ორკესტრს ფესტივალის აუდიტორია 26 თებერვალსაც მოუსმენს. ამჯერად შესრულდება უვერტიურა კარლ მარია ვებერის ოპერიდან „ჯადოსნური მსროლელი“, პეტრე ჩაიკოვსკის მეოთხე სიმფონია, სოპრანო ჯოჰანი ფონ ოოსტრუმი იმღერებს რიხარდ შტრაუსის „ოთხ უკანასკნელ სიმღერას“.

ალ ბუსტანის ფესტივალის მსმენელეთა წინაშე ორკესტრი ბოლოს 28 თებერვალს წარსდგება - მევიოლინე სერგეი კრილოვთან ერთად დაუკრავს პეტრე ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტს, პროგრამაშია ასევე უვერტიურები ჯოაკინო როსინის ოპერებიდან „ვილჰელმ ტელი“, „სევილიელი დალაქი“, „კონკია“ და ჩაიკოვსკის უვერტიურა „ჭექა-ქუხილი“.

ხუთივე კონცერტს ჯანლუკა მარჩანო უდირიჟორებს.

წელს ფესტივალში პირველად მიიღებს მონაწილეობას თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი. 15 და 16 მარტს მაყურებელი იხილავს სპექტაკლებს „შოპენიანა“ და „მარგარიტა და არმანი“, სადაც მარგარიტას როლს პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი შეასრულებს, იგი ასევე იცეკვებს კამილ სენ-სანსის მომაკვდავ გედს.

წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

ფოტო

ალ ბუსტანის 21-ე საერთაშორისო ფესტივალზე
ალ ბუსტანის 21-ე საერთაშორისო ფესტივალზე
ალ ბუსტანის 21-ე საერთაშორისო ფესტივალზე
ალ ბუსტანის 21-ე საერთაშორისო ფესტივალზე