კულტურა › ფესტივალი | თბილისი

'კავკაზ- ჯაზ-ფესტივალის' შესახებ პრესკონფერენცია

'კავკაზ- ჯაზ-ფესტივალის' შესახებ პრესკონფერენცია
'კავკაზ- ჯაზ-ფესტივალის' შესახებ პრესკონფერენცია

"კავკაზ- ჯაზ-ფესტივალი" კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისში, 16-20 ივლისს ჩატარდება. ფესტივალის დეტალებზე კულტურის სამინისტრო პრესკონფერენციას გამართავს, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დირექტორი ნეკა სებისკვერაძე და ფესტივალის დირექტორი ელენე მეჩითოვა გაუძღვებიან.

ფესტივალის პროგრამა, ტრადიციულად, შედგება ყოველდღიური კონცერტებისა და "ჯემ-სეიშენებისგან", სადაც ქართველ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობენ მიწვეული სტუმრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და პოლონეთიდან. ფესტივალის ეგიდით დამწყები ჯაზ-მუსიკოსებისათვის მასტერკლასები მოეწყობა.

ფესტივალი წელს პირველად უმასპინძლებს "მრგვალი მაგიდების" სერიას, სადაც სამხრეთ კავკასიის წამყვანი ექსპერტები, კულტურის მენეჯერები და არტ-კრიტიკოსები იმსჯელებენ რეგიონულ მუსიკალურ ბაზარზე შექმნილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

"კავკაზ ჟაზ" საქართველოში ერთადერთი არაკომერციული ჯაზ-ფესტივალია, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. ფესტივლის მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში ჯაზის განვითარებას, შემსრულებლებს შორის კულტურულ დიალოგსა და მათ მეგობრულ დაახლოებას, რაც ასევე, მათ შემდგომ თანამშრომლობას უწყობს ხელს.

კავკაზ ჟაზზ ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფესტივალში 50-მდე მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა.

პროექტის ორგანიზატორია - არასამთავრობო ორგანიზაცია „ART BRIDGE“. პროექტის წარმდგენები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო