კულტურა › ფესტივალი | საზღვარგარეთ

ქართული კინო კანის 67-ე ფესტივალზე

ქართული კინო კანის 67-ე ფესტივალზე
ქართული კინო კანის 67-ე ფესტივალზე

2014 წელს კანის 67-ე კინოფესტივალზე ქართულ კინოს განსაკუთრებული ადგილი აქვს.

ელდარ შენგელაიას უკვდავი „ცისფერი მთები" სექციაში Cannes Classics 2014 საგანგებოდ იქნება ნაჩვენები, როგორც ქართული კინემატოგრაფის შედევრი. ჩვენება კანში 18 მაისს გაიმართება. ამ სექციის საპატიო სტუმარი წელს კანში სოფი ლორენია.

„ცისფერი მთების" ორიგინალი ნეგატივიდან ექსკლუზიურად აღდგენილი - ციფრული ვერსია იქნება წარმოდგენილი. (ორიგინალი „გოსფილმფონდში" ინახება.)

რესტავრაცია საგანგებოდ საფესტივალო ჩვენებისთვის ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების მთავარ კონკურსში მონაწილეობს დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები". 10 წუთიანი ქართული ფილმი 128 ქვეყნის 3450 მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრიდან შეირჩა და 9 საუკეთესოს შორის მოხვდა. გამარჯვებულს ჟიურის პრეზიდენტი, ირანელი რეჟისორი - აბას კიაროსტამი გამოავლენს. ფილმის ჩვენება გაიმართება 23 მაისს.

მიშელ ჰაზანავიჩუსის „ძებნა", რომლის უდიდესი ნაწილი საქართველოშია გადაღებული და ფრანგულ-ქართული კოპროდუქციაა, კანის მთავარ კონკურსში მონაწილეობს. ფილმის თემა ჩეჩნეთის ომია. (სტუდია „სარკე").

ეროვნული კინოცენტრი კანის კინობაზრობაზე წელს, (14-25 მაისი) უკვე მეშვიდედ იქნება წარმოდგენილი საქართველოს პავილიონით (#105, Village International Riviera).

პავილიონში ინდუსტრიული კუთხით იმუშავებენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ნანა ჯანელიძე, პირველი მოადგილე - გიორგი ხაბაშვილი და ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი - თამარ ტატიშვილი. ასევე დისტრიბუციისა და ექსპორტის დეპარტამენტის უფროსი - დავით ვაშაძე და პროექტების მენეჯერი - ნინო შერვაშიძე.

ბაზრობაზე კინოცენტრის შეხვედრები, ტრადიციულად, რამდენიმე მიმართულებით გაიმართება:

სხვა ქვეყნების კინოფონდებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმარება და ქართული პროექტებისათვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება.
ევროპულ რეგიონალურ კინოფონდებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება.
ახალი ქართული ფილმების ტრეილერების გავრცელება და შეთავაზება სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებისათვის.
საქართველოს პოზიცირება, როგორც გადასაღებად მიმზიდველი ქვეყანა.

18 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს პავილიონში გაიმართება მიღება (Happy Hour) უცხოელი სტუმრებისთვის საქართველოს და ქართული კინოს პოპულარიზაციის მიზნით.

კანის კინობაზრობაზე სხვადასხვა მიზნით მიემგზავრებიან ასევე ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები: თინათინ ყაჯრიშილი, ლაშა ხალვაში, მარიამ ხაჭვანი, ვოვა კაჭარავა, ნოშრე ჩხაიძე, ეკა ჯოჯუა.

წყარო: ეროვნული კინოცენტრი

ვიდეო