კულტურა › გამოფენა | ბათუმი

საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტი 'ჩემი დედა ენა'

აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ექსპოზიცია „ჩემი დედა ენა“ გაიხსნა. ექსკლუზიურად აჭარის მოსახლეობისა და ტურისტებისათვის ბათუმში პირველად გამოიფინა ცენტრში დაცული ექსპონატები.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. გამოფენის მხარდამჭერები არიან: აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და „თიბისი ბანკი“.

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერები, „დედა ენის“ სტამბური კლიშეები, ოსკარ შმერლინგის ილუსტრაციები.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ხელნაწერები აკაკი წერეთლისა და სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის პირადი არქივებიდან, პირველნაბეჭდი „დედა ენა“, აფხაზური „დედა ენა“ და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სხვა უნიკალური მასალა.

ექსპოზიციის მიზანია საზოგადოებისთვის იაკობ გოგებაშვილის პიროვნების სხვადასხვა კუთხით წარმოჩენა და ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობის პოპულარიზება.

ღონისძიების ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს კომპიუტერული სასწავლო-შემოქმედებითი პროგრამის „ჩემი შექმნილი წიგნი“ პრეზენტაციას. პროგრამის მიზანია მოსწავლეების წიგნთან ურთიერთობის კულტურის განვითარება, იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობის პოპულარიზება და წიგნის შექმნის ხელოვნებასთან ზიარება.

ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ნეტბუქებში გააფერადონ „რწყილი და ჭიანჭველა“, მოაწესრიგონ ტექსტი და დაასათაურონ თითოეული სიუჟეტი.

წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი