კულტურა › გამოფენა | თბილისი

სამხატვრო აკადემიაში გამოფენების ციკლის "თბილისის სამხატვრო აკადემიის საგანძურის" წარდგენა

პროექტის თანაავტორები: ეკა ასიტაშვილი. მარინა ბურჯანაძე, ზურაბ გაბუნია, ანდრო გიორგაძე, ქეთევან ნემსაძე, დავით სილაგაძე, ლელა ტაბლიაშვილი, ლაშა ქარაია, მიხეილ ხუნდაძე

პროექტის არსი.
წინამდებარე პროექტით გათვალისწინებული გამოფენების ციკლის მიზანია: ა) საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი კერის – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დანგრევის ზღვარზე მყოფი სათაო შენობისადმი; ბ) ნატიფი ხელოვნებისა და, საზოგადოდ, ქართული კულტურით დაინტერესებულ პირებს გააცნოს აკადემიის წიაღში ათწლეულების მანძილზე შექმნილი ხელოვნების სხვადასხვა დარგის მნიშვნელოვანი ნიმუშები.

გამოფენის სეგმენტები: I. აკადემიის სათაო შენობის ფოტომატიანე. წარმოდგენილი იქნება: ა) XIX საუკუნის 70-80 – იან წლებში გადაღებული ფოტოები; ბ) XX საუკუნის სხვადასხვა წლებში გადაღებული შენობისა თუ მისი ცალკეული ელემენტების ამსახველი ფოტოები; გ) ფოტომატიანეს დაასრულებს შენობის ექსტერიერისა და ინტერიერის 2009/13 წლებში გადაღებული ფოტოები, რომლებზეც თვალნათლივ ჩანს, თუ როგორი კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება მდგომარეობა უარესობისაკენ.
ფოტომატიანის ერთ საინტერესო ნაწილს შეადგენს XIX საუკუნის ბოლო ოცწლეულსა და XX საუკუნის 20-30 –იან წლებში შესრულებული იმ საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფური პორტრეტები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ დაკავშირებული სამხატვრო აკადემიასთან და მასზე უწინ (XIX საუკუნის 60-80-იან წლებში) ამ შენობაში მოქმედ კლუბთან ("Тифлисский кружок").

-2-
ფოტომატიანე ნათლად წარმოაჩენს მრავალმხრივ უნიკალური დარბაზების (არამარტო ჩვენს სინამდვილეში) თავდაპირველ მშვენებასა და დღევანდელ სავალალო მდგომარეობას; მდგომარეობას, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება სრული განადგურებით დასრულდეს.

II. გამოფენის მეორე სეგმენტს წარმოადგენს სამხატვრო აკადემიის მუზეუმის ფონდებში დაცული სახვითი ხელოვნების ნიმუშების ექსპოზიცია. ამ ნამუშევრების ავტორებად გვევლინებიან სხვადასხვა წლებში სამხატვრო აკადემიაში მოღვაწე ან მასთან გარკვეულწილად დაკავშირებული აღიარებული ოსტატები; თუნდაც გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანისა და მოსე თოიძის სახელები სახელები რად ღირს...
ექსპოზიციის ეს ნაწილი ძალზედ მნიშნველოვანია, რადგან თვალნათლივ გამოჩნდება, თუ რაოდენ პერსპექტიულია სამხატვრო აკადემიის წიაღში სამუზეუმო (საექსპოზიციო – საფონდო, საგამომცემლო) საქმიანობის განვითარება.

პროექტის აღნიშნული სეგმენტი დამატებითი არგუმენტია სამხატვრო აკადემიის ისტორიულ ძეგლად ქცეული, ამჟამად კი დანგრევის პირას მყოფი და მომეტებული საფრთხის მატარებელი შენობისა და მასში არსებული ბევრი პარამეტრით უნიკალური კოლექციების გადასარჩენი კამპანიის გასაგრძელებლად; მასში საზოგადოების მაქსიმალურად დიდი ნაწილის ჩასაბმელად.

აღნიშნული გამოფენით ხდება ერთის მხრივ, ჩვენი შრომის ხუთლიანი პერიოდის შეჯამება; მეორეს მხრივ, ახალი ეტაპის - დამუშავებული და სისტემატიზირებული კოლექციების საგამოფენო ციკლის დაწყება.

წყარო: თბილისის სამხატვრო აკადემია

ფოტო

თბილისის სამხატვრო აკადემიის საგანძური
თბილისის სამხატვრო აკადემიის საგანძური