კულტურა › გამოფენა | თბილისი

ვალერი მარგიანის ნამუშევრების გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია

ვალერი მარგიანის ნამუშევრების გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია
ვალერი მარგიანის ნამუშევრების გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია

სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ , თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინიციატივით გაიმართება 70–იანელთა ერთ–ერთი საინტერესო მხატვრის, ვალერი მარგიანის (1941–2003) ნამუშევრების გამოფენა და ცენტრის მიერ დაფინანსებული ალბომის პრეზენტაცია.

ვალერი მარგიანი დაიბადა სვანეთში, იქვე სწავლობდა სკოლაში, შემდეგ იყო ი.ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი, აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი და ასპირანტურა. მალევე გახდა მხატვართა კავშირის წევრი, მოგვიანებით კი იუნესკოსთან არსებული მხატვართა საერთაშორისო გაერთიანების წევრი. ბოლოს სსრკ–ს ფარგლებში, როგორც შემდგარი მხატვარი, პირველ ათეულში მოხვდა. მისი ფერწერული ტილო მოსკოვში ტრეტიაკოვის გალერეაში მუდმივ ექსპოზიციაშია დაცული. 1987 წ. ახალგაზრდა მხატვარმა ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედალი დაიმსახურა. მისი ნამუშევრები დაცულია მრავალი ქვეყნის მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში.

ვალერი მარგიანს საკუთარი სამყარო ჰქონდა და ეს სამყარო მთიანეთია – ქართული სინამდვილიდან აღმოცენებული. მან კარგად იცის მთის „ენა“, მისი სტრუქტურა. ესოდენ ჩამოსხმულ–ჩამოყალიბებული, პოეტური გამოსახვის მომხიბვლელობით შესრულებული ტილოები უჩვეულო ძალითაა გასხივოსნებული. სვანეთის გოროზი მთები, ფშავ–ხევსურეთი, თუშეთი, მზით განათებული მყინვარები, ყაბარდო – ჩეჩნეთი, კლდეში გამოკვეთილი აულები,მთის კეთილშობილება და სიძლიერე წლის ყველა დროს, დარში თუ ავდარში… მხატვარს კარგად აქვს გააზრებული ადამიანისა და სამყაროს ჰარმონია. მისი ტილოებიდან გადმოდის სინათლე, შინაგანი ექპრესია, დრამატიზმი, სივრცული ეფექტები – ღრმა მხატვრული აზროვნებით შესრულებული. ვალერი მარგიანის შემოქმედება კი სულის გამოხატულებაა, მას შეუძლია გააღვიძოს ადამიანში მიძინებული გრძნობები, სულის სიღრმეში მიკარგული ვნებანი.

წყარო: თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი