კულტურა › გამოფენა | თბილისი

'ჩვენ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი' გამოფენა - პრეზენტაცია

'ჩვენ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი' გამოფენა - პრეზენტაცია
'ჩვენ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი' გამოფენა - პრეზენტაცია

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გიწვევთ დაწესებულების დაარსების დღესთან დაკავშირულ ღონისძიებაზე.

„ჩვენ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი’’ - ასე ერქმევა გამოფენა - პრეზენტაციის ფორმატით წარმოდგენილ ცენტრის საქმიანობის ანგარიშს.

ცენტრი უმთავრესი დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც იცავს და იკვლევს ჩვენი ქვეყნის ხელნაწერ მემკვიდრეობას. საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სიძველეთსაცავი, სამეცნიერო და კულტურული დაწესებულება, ქართველოლოგიური კვლევების ერთ-ერთი უმთავრესი კერა 1958 წელს ილია აბულაძის ინიციატივით დაარსდა და 2007 წლამდე მას ხელნაწერთა ინსტიტუტი ერქვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალური კოლექცია ფაქტობრივად მთელი ჩვენი ისტორიული მეხსიერებაა. აქ დაცულია უძველესი ქართული და უცხოური ხელნაწერი წიგნები, ისტორიული დოკუმენტები, ცნობილი ქართველი მოღვაწეების ნაშრომები, ავტოგრაფები, პირადი არქივები, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნების სრული კოლექცია...

მიუხედავად იმისა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაარსებიდანვე მრავალპროფილიანი სამეცნიერო დაწესებულება იყო, პრიორიტეტი ტრადიციულად მაინც ისტორიულ-ფილოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევებს ენიჭებოდა. ამის შედეგად დაწესებულებაში საკმაოდ ძლიერი ქართველოლოგიური კვლევითი ბაზა ჩამოყალიბდა. ბოლო წლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ტრადიციული სკოლის შენარჩუნების პარალელურად ახალი მიმართულებების განვითარებასაც შეეცადა.

2007 წელს სახელის შეცვლით დაწესებულების განახლების პროცესიც დაიწყო. მეტი ყურადღება დაეთმო საზოგადოებასთან ურთიერთობას, გამოფენებს, ცენტრის კოლექციისა და საქმიანობის პოპულარიზებას.
ღონისძიებაზე, სხვადასხვა საგამოფენო და საპრეზენტაციო საშუალებებით წარმოდგენილი იქნება 2007 - 2014 წლების საქმიანობის ანგარიში. ამგვარი შეჯამება საინტერესოა როგორც მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების, ისე ფართო საზოგადოების, სახელმწიფო და კერძო უწყებებისთვის.

ღონისძიებაზე დამთვალიერებელი იხილავს ცენტრის სამეცნიერო, კულტურული და საზოგადოებრივი საქმიანობის, საერთაშორისო თანამშრომლობის ამსახველ საილუსტრაციო მასალას, სხვადასხვა სივრცეებში ლოკალიზებულ ფოტოგამოფენებს, ბოლო წლების განმავლობაში შემოწირულ ხელნაწერებს, ცენტრის გამოცემებს.

სტუმრები გაეცნობიან საგანმანათლებლო პროგრამებს - კალიგრაფიის კონკურსს, სტაჟირებისა და სტიპენდიის პროგრამებს. სპეციალურად ბავშვებისთვის გაიმართება წიგნის რესტავრაციის ვორქშოფი, პატარები მიიღებენ ინფორმაციას წიგნთან ურთიერთობის წესების შესახებ.
მოეწყობა სპეციალური კუთხე, სადაც შესაძლებელია ცენტრის ელექტრონული ბაზებისა და რესურსების გაცნობა. ნაჩვენები იქნება ცენტრის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმები და სიუჟეტები.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა შესაძლებლობა გაეცნოს ცენტრის სამომავლო გეგმებს, საჯარო ინფორმაციას.

ღონისძიება გაფორმდება მუსიკალურად. სტუმრებს ცენტრის თანამშრომლებისგან სხვა მრავალი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: ტელ:2 47 42 42 (109)
ელ-ფოსტა: pr@manuscript.ac.ge

მისამართი: ალექსიძის 1/3 (ყოფილი აკადემ ქალაქი, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის მოპირდაპირე შენობა).

წყარო: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი