კულტურა › გამოფენა | თბილისი

გამოფენა "ქსნური ფოლკლორი"

გამოფენა "ქსნური ფოლკლორი - ხალხური რეწვის ნიმუშები ქსნის ხეობიდან"
გამოფენა "ქსნური ფოლკლორი - ხალხური რეწვის ნიმუშები ქსნის ხეობიდან"

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ სიძველეთა კვალდაკვალ“ აწყობენ გამოფენას „ქსნური ფოლკლორი - ხალხური რეწვის ნიმუშები ქსნის ხეობიდან“.

გამოიფინება ქსნის ხეობის ყოფაში შემორჩენილი ხალხური რეწვის ძველი და ახალი ნიმუშები: კერამიკა, ფარდაგი, სპილენძის ნაკეთობანი და ხის მხატვრული დამუშავების ნიმუშები. ექსპოზიცია გაფორმდება შესაბამისი ფოტომასალით.

გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები მოძიებულია ქსნის ხეობის სოფლებში: ცხავატი, ლარგვისი, მშველიეთი, ხარბალი, ქარჩოხი, ჭორჭოხი, იკოთი, დადიანეთი, ჩიტიანი, ალევი, საძეგური, კორინთა, მორბედაანი.

გამოფენაზე ქსნის ხეობის უშორესი სოფლებიდან მოწვეული უხუცესი ოსტატები გააცოცხლებენ ადგილობრივ ყოფას: ტრადიციულ მოგვზე ამოიყვანენ ცხავატურ კერამიკას; 83 წლის მაშო გოგაშვილი ტრადიციულ დაზგაზე მოქსოვს ფარდაგს; საძეგურელი სახალხო მთქმელი და მეგარმონე თამარ ელოშვილი გარმონზე დაამღერეს საკუთარ ლექსებს. ასევე იმღერებს ახალგორის ვაჟთა ანსამბლი „ლომისი“.

პოეტ მანანა ჩიტიშვილის პოეზია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს მწარე რეალობას - საქართველოს ერთიანი სხეულისაგან დროებით ჩამოშორებულ და მოწყვეტილ ცხინვალის რეგიონსა და ქსნის ხეობას.

ღონისძიების მხარდამჭერი - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

წყარო: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი