კულტურა › გამოფენა | თბილისი

ავთანდილ მოსიაშვილის გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ ავთანდილ მოსიაშვილის ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით, 'თავისუფლება'.

ავთანდილ მოსიაშვილი ქართველი მხატვრების 60-ანელთა თაობის წარმომადგენელია, იგი ყოველთვის აბსტრაქციაში მუშაობდა და გამოირჩეოდა თავისი ხელწერით. გამოფენაზე წარმოდგენილ ფერწერულ ნამუშევართა თემატიკა თავისუფლების ცნების ქვეშ ერთიანდება. ყოველ მათგანში ხდება საგანთა თავისებურებების, მათი თვისებების გამოცალკევება, ხოლო შემდეგ მათი მხატვრული გააზრება.

ავთანდილ მოსიაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. 1968 წელს დაჯილდოვდა იაპონიაში ოქროს მედლით სურათისათვის 'ცივი დღე'. ჰქონდა გამოფენები მოსკოვში, ვილნიუსში, ტოკიოში, საქართველოში. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, ავსტრიის, გერმანიის, ბელგიის, ნორვეგიის და ინგლისის კერძო კოლექციებში.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა.

წყარო საქართველოს ეროვნული მუზეუმი