კულტურა › გამოფენა | თბილისი

ჯემალ კასრაძე, საქართველო 80-90-იან წლებში

ჯემალ კასრაძე, საქართველო 80-90-იან წლებში
ჯემალ კასრაძე, საქართველო 80-90-იან წლებში

ი.გრიშაშვილის სახ.თბილისის ისტორიის მუზეუმში, ფოტოფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში, გამოფენა „ჯემალ კასრაძე, საქართველო 80-90-იან წლებში“ გაიხსნება.

შესვლა: უფასოა
მისამართი: სიონის ქ. 8
კურატორი: ლიკა მამაცაშვილი

“...რაც თავი მახსოვს” – წერს ჯემალ კასრაძე – “ჩვენს სახლში ყოველთვის იყო ფოტოაპარატი, რომელიც მამაჩემმა მეორე მსოფლიო ომამდე შეიძინა, თუმცა არც მოხმარება იცოდა და არც ინტერესი გამოუჩენია ოდესმე. მე და ჩემი ძმა რომ წამოვჩიტდით, გადავწყვიტეთ ამ აპარატისათვის ფუნქცია დაგვებრუნებინა. გერმანული დამღა ელ – “გომზა”. ზუსტად ისეთი, პროფესიონალი ფოტოგრაფები რომ ხმარობენ. დააყენებდი სამ ფეხზე, გადაიფარებდი შავ ტილოს, დააყენებდი ფოკუსს (გამოსახულება თავდაყირა ჩანდა), ჩადებდი რკინის კასეტას კონტაქტური ბეჭდვის ფირით და “ჩიტს გამოაფრენდი”. შემდეგ იწყებოდა ალქიმიური პროცესები, ვამზადებდი “პრაიავიტელს” და “ზაკრეპიტელს” (ხსნარების სახელწოდებებს ყოველთვის რუსულად ვამბობდით), ვამჟღავნებდით ფირს, შემდეგ კი იწყებოდა წითელ შუქზე სურათების ბეჭდვის საოცარი პროცესი.მაშინ არც ფოტოგრაფიის მამამთავარი, ფრანგი ლუი დაგერი ვიცოდი და არც ნეგატივების გამომგონებელი, ინგლისელი ჰენრი ფოქს ტალბოტი. ისე, სიმართლე თუ გინდათ, არც ალექსანდრე როინაშვილი გაგვეგონა.მოგვიანებით, ფოტოაპარატი “სმენა” რომ შევიძინე, ქვეყანა ჩემი მეგონა. მერე იყო “ფედი” და საბჭოთა აპარატებიდან ყველაზე პრესტიჟული “ზენიტი”. სწორედ ამ აპარატით დავიწყე პროფესიული საქმიანობა.დღეს, როდესაც ციფრულმა კამერამ ძალიან გაამარტივა გადაღება, დროდადრო მენატრება წითელ შუქზე ჩატარებული ეს საოცარი რიტუალი, როცა მე თვითონ ვიყავი ამ სასწაულის უშუალო შემოქმედი...”ჯემალ კასრაძე დოკუმენტური ფოტოს და სპორტული ჟურნალისტიკის ოსტატია. მრავალი პუბლიკაციის ავტორია. დაიბადა 1945 წლის 27 იანვარს ცხინვალში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით.პირველი ნაბიჯები, როგორც ფოტოგრაფმა, 1971 წელს, გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში” გადადგა, მოგვიანებით კი სპორტულ გაზეთებში “ლელო” და “მართვე”. თითქმის 40 წლის მანძილზე თანამშრომლობდა რედაქციებთან “დილის გაზეთი”, “კაბადონი”, “დრონი”, “საქართველოს რესპუბლიკა”. 1985 წელს, ჯემალ კასრაძემ “ლელო”-ში კორესპონდენტად დაიწყო მუშაობა და წერილებს თავის ფოტოებთან ერთად აქვეყნებდა. მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ფოტოკორესპონდენტად და ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის პირად ფოტოგრაფად. ავტორია სამი წიგნის: “ჩიტებით სავსე ყუთი”, “ვაჟა კაჭარავა” და “ჩემი დროის ადამიანები”.ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის გადაღებისათვის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საპატრიარქოს სიგელით დააჯილდოვა.ჯემალ კასრაძე რჩეული ფოტოგრაფია. დოკუმენტური და სპორტული ფოტოგრაფია მისთვის სინამდვილის სარკეა, გაცოცხლებული, შენახული დრო, ის მოვლენებია, რომლებსაც ყოველთვის მთავარ მომენტში უნდა მიუსწრო, დაინახო, დააფიქსირო და სათანადოდ წარმოაჩინო. როგორც თავად ამბობს: “მთავარია მიუსწრო ხანძარს ჩაუქრობელს, ჩხუბს გაუშველებელს, გაზაფხულს აყვავებულს”. 2014 წელს, ალექსანდრე როინაშვილის პრიზი ქართულ ფოტოგრაფიაში დოკუმენტური და სპორტული ფოტოს განვითარებისათვის გადაეცემა ჩვენი დროის ფოტოგრაფიის რჩეულ წარმომადგენელს, ჯემალ კასრაძეს.

წყარო: ფოტოფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო“

ფოტო

მიტინგის ჩატარების მცდელობა ცხინვალში. 1989 წ. 23 ნოემბერი.
მიტინგის ჩატარების მცდელობა ცხინვალში. 1989 წ. 23 ნოემბერი.
26 მაისი. 1989. წ.
26 მაისი. 1989. წ.
სამების საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევა. 1997 წ.
სამების საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევა. 1997 წ.