კულტურა › გამოფენა | თბილისი

ფოტო-ფესტივალი ”ქოლგა” თბილისის ისტორიის მუზეუმში

ფოტო-ფესტივალი ”ქოლგა” თბილისის ისტორიის მუზეუმში
ფოტო-ფესტივალი ”ქოლგა” თბილისის ისტორიის მუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი გიწვევთ თბილისის საერთაშორისო ფოტო-ფესტივალ ,,ქოლგას" ფარგლებში დაგეგმილი ფოტო გამოფენების გახსნაზე.

ჯემალ კასრაძე - საქართველო 80-90-იან წლებში.

ჯემალ კასრაძე დოკუმენტური ფოტოს და სპორტული ჟურნალისტიკის ოსტატია. იგი აგრეთვე მრავალი პუბლიკაციის ავტორი გახლავთ. დოკუმენტური და სპორტული ფოტოგრაფია მისთვის სინამდვილის სარკეა, გაცოცხლებული, შენახული დრო სწორედ ის მოვლენებია, რომლებსაც ყოველთვის მთავარ მომენტში უნდა მიუსწრო, დაინახო და დააფიქსირო.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, ჯემალ კასრაძეს გადაეცემა ალექსანდრე როინაშვილის პრიზი ქართულ ფოტოგრაფიაში დოკუმენტური და სპორტული ფოტოს განვითარებისათვის.

ადამ პანჩუკი - კარჩებები, მსახიობები.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ადამ პანჩუკის ფოტო ნამუშევრები მისი ორი სერიიდან - „კარჩებები" და „მსახიობები". ფოტოები ასახავს ადამიანთა ყოფას ჩვენთვის უცნობ და ამოუცნობ გარემოში.

პოლონეთის აღმოსავლეთის ერთ-ერთ დიალექტზე ,,კარჩებებს" იმ ადამიანებს უწოდებდნენ, რომლებიც მიჯაჭვული იყვნენ მიწასთან და თაობების მანძილზე ამუშავებდნენ მას. ხელისუფალთათვის იოლი როდი იყო საკუთარი მიწიდან მათი ჩამოშორება, სტალინიზმის დროსაც კი. მიწასთან მიჯაჭვულობას ისინი ხშირად საკუთარ თავისუფლებას და სიცოცხლესაც კი სწირავდნენ.

სერიაში ,,მსახიობები" ასახულია სოფელ ლუბენკას სახალხო თეატრის, „ჩელადონკას" სხვადასხვა წარმოდგენები. სხვადასხვა სცენებს, ადგილობრივი მოსახლეობა ძველ წეს-ჩვეულებებსა თუ რიტუალებზე დაყრდნობით თამაშობს. მსახიობები ფერმერები არიან, რომლებიც დღისით მინდვრებში მუშაობენ და მხოლოდ საღამოობით თუ რჩებათ დრო სპექტაკლებზე სამუშაოდ. ერთ წარმოდგენას, ხშირად, მთელი ოჯახი თამაშობს. ზოგჯერ კი, ერთ სპექტაკლში მსახიობთა სამი თაობა მონაწილეობს. დადგმები გარეთ, სოფლის სხვადასხვა ნაწილში იმართება. მაყურებლები კი მსახიობებს მიყვებიან იმის მიხედვით, თუ სად გადააქვთ სცენა.

ნათან დვირი - რწმენა

ისრაელში დაბადებული და გაზრდილი ფოტოგრაფი ნათან დვირი თავის ნამუშევრებში ასახავს იმ გარემოს რომელმაც უდაოდ დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე. ავტორს ადრეული ასაკიდანვე რეგულარულად უწევდა ძლიერ რელიგიურ, სოციალურ და პოლიტიკურ რწმენებთან თუ იდეებთან შეხება.

სწრაფად ცვალებად სამყაროში, სადაც კარიერას და ფინანსურ წარმატებებს უპირატესობა ენიჭება და შეიძლება გაკერპებულიც კია, ადამიანთა ერთობები თუ პიროვნული იდენტობის კონცეფცია საგრძნობ ევოლუციას განიცდის. თუმცა, ამ მეტად საინტერესო დროების მიუხედავად, რწმენა მაინც ერთ-ერთ ძირითად, უმნიშვნელოვანეს და აბსოლუტურ ფაქტორად რჩება, რომელიც ცალკეულ ადამიანებს თუ ადამიანთა ერთობებს განამტკიცებს და გარკვეულ საზღვრებში აქცევს.

ისტორიები რწმენაზე - კ. კამბონი: ძალადობა და კათარზისი.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ბანგლადეშისა და ინდოეთის ზოგიერთ ნაწილს მოიცავს. ეს რეგიონი კულტურული ტრადიციებითა თუ კოლოსალური ნაირფეროვნებით გამოირჩევა. იქაური დღესასწაულები ამ მნიშვნელოვანი სიმდიდრის დასტურია. ისინი ჩვეულის, მარად არსებული საკრალურის არაჩვეულებრივი გამოხატულებაა. ნამუშევრების მიზანი არამხოლოდ იმის წარმოჩენაა, თუ რას ზეიმობენ, არამედ იმისაც, რასაც ზოგჯერ ნაკლები ყურადღება ექცევა, ან უარეს შემთხვევაში - გაქრობის პირასაა.

"Eastreet"

გამოფენა Eastreet ამ ტიპის და მასშტაბის პირველი წამოწყებაა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ქუჩის ფოტოგრაფიასთანაა დაკავშირებული. ყველა ეს ფოტონამუშევარი სხვადასხვა პირობებში, სხვადასხვა დროს შეიქმნა, განსხვავებული მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებით, მობილური ტელეფონებიდან საშუალო ფორმატის ფირზე გადასაღებ ფოტოკამერებამდე. ყველა ეს ნამუშევარი ერთი კონცეფციით ერთიანდება: აღმოსავლეთევროპული საჯარო სივრცეების კონტექსტში ინდივიდუალური ხედვის წარმოჩენა და მისი უკეთ გაცნობა, რომელიც აღბეჭდილია სპონტანური, უნიკალური და არა დადგმული მიდგომით გამოყენებით, რის გამოც ასე ძალიან გვიყვარს ქუჩის ფოტოგრაფია.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.

წყარო საქართველოს ეროვნული მუზეუმი