კულტურა › გამოფენა | თბილისი

მუზეუმებისლი კვირეული - რადიშ თორდიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

მხატვარ რადიშ თორდიას პერსონალური გამოფენა
მხატვარ რადიშ თორდიას პერსონალური გამოფენა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ საქართველოს სახალხო მხატვრის რადიშ თორდიას პერსონალურ გამოფენას.

გამოფენა რეტროსპექტული სახისაა, მასზე წარმოდგენილ იქნება მხატვრის განვლილი შემოქმედებითი გზის ამსახველი მნიშვნელოვანი ნამუშევრები, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს მხატვრის 100-მდე ფერწერულ ტილოს.

საქართველოს სახალხო მხატვარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის პროფესორი რადიშ თორდია შემოქმედებით ასპარეზზე გასული საუკუნის ადრეულ 60-იან წლებში გავიდა.

1962 წლიდან მოყოლებული, რ. თორდია მუდმივად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებზე, რაც არაერთხელ აღინიშნა სპეციალური ჯილდოთი; სხვადასხვა დროს მას ჰქონდა 9 პერსონალური გამოფენა (თბილისი, მოსკოვი, კელნი, დრეზდენი, ტუნისი, ვაშინგტონი, ნიუ იორკი). 2002 წელს Joyce Dutka Arts Foundation-ის მიერ აშშ-ში ჩატარებულ სახვითი ხელოვნების საერთაშორისო კონკურსში რადიშ თორდია გამარჯვებულთა ათეულში დასახელდა. მისი ნამუშევრები ინახება როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში, გალერეებსა თუ კერძო კოლექციებში.

გამოფენის გახსნაზე შედგება რადიშ თორდიას ნამუშევრების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

გამოფენა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ერთ თვეს გასტანს.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქუჩა 1.

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფოტო

მხატვარ რადიშ თორდიას პერსონალური გამოფენა
მხატვარ რადიშ თორდიას პერსონალური გამოფენა