განათლება › გამოცდები | თბილისი

სკოლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან

სკოლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან
სკოლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა 24 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

21 მაისს ჩატარდება პირველი გამოცდა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მეთორმეტე კლასელებს, ძირითადად, 4 გამოცდა ექნებათ ჩასაბარებელი: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, უცხო ენა და მათემატიკა.

24 მაისს მათემატიკის გამოცდით დასრულდება საატესტატო გამოცდების პროცესი. ამ პერიოდში იმ მე-12 კლასელებსაც მიეცემათ გამოცდის ჩაბარების საშუალება, რომლებმაც ვერ მოახერხეს ბარიერის გადალახვა შემოდგომის სესიაზე რომელიმე საგანში. მათ ამ გამოცდის გამეორების საშუალება ექნებათ.

25 მაისს კი ქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან ქიმიის გამოცდაზე. ასევე, ის მოსწავლეებიც, რომლებმაც ვერ მოახერხეს ქიმიაში ზღვარის გადალახვა.

სკოლის გამოსაშვები გამოცდები 2 ნაწილად არის გაყოფილი. მეთორმეტე კლასელები, 4 საგანს აბარებენ. მათ გამოსაშვები გამოცდების ბარიერის გადალახვა მოუწევთ, რომ შეძლონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა. მოსწავლე 10-ბალიანი სისტემით ფასდება და ბარიერი 5,5 ქულაა. მასზე მეტი უნდა მიიღოს მოსწავლემ, ჩაბარებულად რომ ჩაეთვალოს საგანი.

გამოცდები მეთერთმეტე კლასელებსაც უწევთ. ისინი იმ ოთხ საგანს ჩააბარებენ, რომლის სწავლებასაც მეთერთმეტე კლასის ბოლოს ასრულებენ.

"25 აპრილიდან დაიწყება მე-11 კლასელების რეგისტრაცია. გამოცდების ჩაბარება მოუწევთ ივნისის თვეში, ვინაიდან მათი სასწავლო პროცესი 15 ივნისს მთავრდება. მე-11 კლასელები გამოცდას აბარებენ: ქიმიაში, ფიზიკაში, გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში. 13 ივნისს ექნებათ სავარჯიშო გამოცდა, ხოლო პირველი გამოცდა - 14 ივნისს. 15-ში არჩევნებია, მოსწავლეები ამ დღეს დაისვენებენ და 15, 17, 18 -ში გააგრძელებენ გამოცდას. 19 ივნისი იქნება სარეზერვო დღე და ამით დასრულდება 11 კლასელების გამოცდები".

გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირებით იქნება, მსგავსი ტიპის გამოცდები 2011 წელს პირველად პილოტირების რეჟიმში ჩატარდა.

მაია მიმინოშვილი დეტალურად განმარტავს, როგორ უნდა მოიქცნენ მოსწავლეები გამოცდის პროცესში:

"მოსწავლეებს სპეციალური კოდები ექნებათ, რომლის საშუალებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას. ამის შემდეგ უკვე ეკრანზე ჩნდება დავალება. შემდეგი დავალება დამოკიდებულია იმაზე, როგორ გასცემს მოსწავლე მას პასუხს. ასე რომ ერთი და იგივე კითხვები არ მისდით მოსწავლეებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთდროულად აბარებს გამოცდას. შესაძლებელია, მოსწავლე ნაკლები დავალებით შეფასდეს. მინიმუმი დადგენილია, 25 დავალებაზე ნაკლებს არცერთი მოსწავლე არ მიიღებს. შემდეგ იმსდა მიხედვით, რამდენიც საჭირო გახდება მოსწავლის შესაფასებლად, მათ კიდევ მიეწოდებათ დავალებები".

მიმინოშვილის თქმით, რეგისტრაცია ყველა მეთორმეტე კლასელს აქვს უკვე გავლილი და ისინი მაისის დასაწყისში მოსაწვევ ბარათებს მიიღებენ, სადაც მითითებული იქნება გამოცდის განრიგი: დღე და დრო. სავარჯიშო დღისთვის რეგისტრაცია არ არის საჭირო, ამას უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაცია და ამით არ შეფასდებიან მოსწავლეები. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრს ყველა სკოლაში თავისი მეთვალყურე ეყოლება მივლინებული.