განათლება | თბილისი

პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაცია იწყება

პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაცია იწყება
პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაცია იწყება

15 მაისს დასრულდა პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველ ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლეების დოკუმენტების მიღება. სამშაბათს, 20 მაისს, დილის 9 საათზე დაიწყება პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 2014-2015 სასწავლო წლისათვის, რომელიც დასრულდება 20 ივნისის, საღამოს 9 საათზე. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ბრიფინგი გამართა.

პირველკლასელთა რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა www.mes.gov.ge და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე www.registration.emis.ge; სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით.

რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი, რომელსაც რეგისტრაციის ფორმაში შეჰყავს მოსწავლის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მშობლის პირადი ნომერი. ასევე, ტელეფონის ნომერი, რომ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შესახებ მიიღოს მოკლე ტექსტური შეტყობინება.

სისტემა არეგისტრირებს მხოლოდ იმ ბავშვებს, რომელთაც 2015 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ 6 წელი. გამონაკლისის სახით რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც 2013-2014 სასწავლო წელს რეგისტრირებულნი იყვნენ კერძო სკოლების მოსამზადებელ კლასებში. მოქმედი კანონმდებლობა ამ წესიდან გამონაკლისს არ ითვალისწინებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თხოვნით მიმართავს მშობლებს რეგისტრაციის დაწყებამდე ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას. ამასთან, გაითვალისწინონ, რომ ერთდროულად რამდენიმე პირის მიერ, პარალელურად ან რამოდენიმეჯერ, ერთი და იმავე ბავშვის რეგისტრაციის მცდელობა დაუშვებელია, რამდენადაც სისტემა ავტომატურად შეზღუდავს რეგისტრაციას.

ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

წყარო: Knowledge is Power