განათლება | თბილისი

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის პროგრამების პრეზენტაცია

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის პროგრამების პრეზენტაცია
ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის პროგრამების პრეზენტაცია

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიმართება ილინოისის ტექნოლოგიების ინსტიტუტის, ჩიკაგო-კენტის  სამართლის სკოლის წინასამაგისტრო და სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია და მეორე აკადემიური წლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას გახსნის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ცერემონიას წარუძღვებიან ამერიკული სამართლის სკოლის დამფუძნებელი და რექტორი, ჩიკაგო-კენტის პროფესორი, რიჩარდ უორნერი, ამერიკული სამართლის სკოლის კავკასიის რეგიონალური დირექტორი  ქეთევან ჯელაძე და აღმასრულებელი დირექტორი მაია მესხი. ღონისძებაზე მოწვეულნი არიან პრაქტიკოსი იურისტები როგორც სახელმწიფო (საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო და სხვა), ისე  ბიზნესსექტორიდან (საფინანსო სექტორი, ბანკები, საადვოკატო ბიუროები და სხვა). ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საპატიო სტუმრები.

ილინოისის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა 2012 წელს შემოვიდა საქართველოში და მენეჯმენტკომპანია KMG Georgia (Knowledge Management Group)-თან ერთად დააარსა ამერიკული სამართლის პროგრამა 75- პროცენტიანი სტიპენდიებით კავკასიის რეგიონის ქვეყნებისთვის. სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს განვითარებადი ბაზრების ქვეყნებში ამერიკული სამართლის სწავლების, ამერიკული სტანდარტისა და მეთოდოლოგიის, ამერიკული სამაგისტრო სწავლებისა და უმაღლესისშემდგომი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამერიკული სამართლის სკოლა პრაქტიკოს იურისტებსა და სამართლის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სთავაზობს ორ ურთიერთდაკავშირებულ პროგრამას: წინასამაგისტრო/Pre-LL.M სასწავლო პროგრამას საქართველოში და სამაგისტრო/LL.M პროგრამას ჩიკაგოში, ილინოისის შტატი (აშშ).

ილინოისის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლამ ამერიკული სამართლის სკოლის ფარგლებში პირველი სასწავლო წელი 2012-2013 წელს განახორციელა. პირველ აკადემიურ წელს სკოლის წინასამაგისტრო/Pre-LL.M პროგრამის მონაწილედ შერჩეულ იქნა 13 სტუდენტი (ათი საქართველოდან, ორი სომხეთიდან, ერთი აზერბაიჯანიდან). პირველი აკადემიური წლის წინასამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებიდან ექვსმა  უკვე მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი (LL.M) ჩიკაგოში,  ხოლო მეორე აკადემიური წლის წინასამაგისტრო პროგრამის 17 კურსდამთავრებულმა უკვე ფლობს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის თანხმობას (admission) სწავლების გასაგრძელებლად ამერიკაში, სამართლის მაგისტრის (LL.M) ხარისხის მოსაპოვებლად საერთაშორისო და ტრანსნაციონალური სამართლის სფეროში. 2014-2015 აკადემიური წლის წინასამაგისტრო სწავლებაზე მიღებას სკოლა  2014 წლის ივნისში გეგმავს.

ამერიკული სამართლის სკოლის მენეჯმენტს ახორციელებს ქართული კომპანია KMG Georgia (Knowledge Management Group), რომელიც წარმოადგენს ილინოისის ტექნოლოგოების უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის ექსკლუზიურ პარტნიორს კავკასიის რეგიონში. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ვიდეო