კულტურა › კონკურსი | თბილისი

ახალგაზრდა პიანისტთა მეექვსე საერთაშორისო კონკურსი

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურის ცენტრ „მუზაში“ ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონკურსი გაიხსნება.

კონკურსში მონაწილეობს სულ 90 ახალგაზრდა მუსიკოსი, მათ შორის 48 უცხოელია, რომელთა ასაკი 10-დან 17 წლამდეა. ახალგაზრდა პიანისტებისთვის ძირითად პროგრამასთან ერთად სავალდებულოა ქართველი კომპოზიტორთა: ანდრია ბალანჩივაძის, ალექსი მაჭავარიანის, ოთარ თაქთაქიშვილის, ბიძინა კვერნაძის, ვაჟა აზარაშვილის და სხვა ავტორთა საფორტეპიანო ნაწარმოებების შესრულება.

ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები არიან უცხოელი და ქართველი მუსიკოსები: ლიანა ნიქაბაძე (კონკურსის დამაარსებელი და ორგანიზატორი), პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის უკრაინის ნაციონალური მუსიკალური აკადემიის პროფესორი ვალენტინ შერსტიუკი, ყაზახეთის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის საფორტეპიანო კათედრის ასისტენტ-პროფესორი დანა ალი, ცნობილი ქართველი პიანისტი თემურ ახობაძე და ბერლინის „ჰანს ეისლერის“ მუსიკის სახელმწიფო აკადემიის პედაგოგი, პროფესორი გალინა ივანცოვა.

კონკურსი ორ ტურად ჩატარდება. ყველა ფინალისტს გადაეცემა დიპლომი ან სერტიფიკატი. 5 საპრიზო ადგილის მფლობელს მიენიჭება ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის წოდება. კონკურსზე გაიცემა სპეციალური პრიზები და ფასიანი საჩუქრები, მათ შორის - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრიზი -„კონკურსის საუკეთესო შემსრულებელი“.

ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი 2003 წელს დაარსდა და ტარდება ორ წელიწადში ერთხელ ფორტეპიანოსა და საფორტეპიანო ანსამბლის სპეციალობებში.

წყარო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო