კულტურა | საზღვარგარეთ

'დედაენის დღე' სტამბულში

'დედაენის დღე' სტამბულში
'დედაენის დღე' სტამბულში

სტამბულში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიება „დედაენის დღე“ გაიმართება.

ხოლო, 26 აპრილს კი ღონისძიება მოეწყობა ქ. ბურსას ინეგოლშიც.

ქვემოთ მოყვანილია ღონისძიების შინაარსის ტექსტი, ორგანიზატორი ორჰამ ბერიძის მიმართვა, თუქეთში მცხოვრები თანამემამულე ქართველების მიმართ:

საქართველოში, ქართული ენის დღე, ტრადიციულად, 14 აპრილს აღინიშება და ეს არ არის შემთხვევით შერჩეული თარიღი. ყველამ ვიცით, რომ საქართველო, ჩვენი ისტორიული სამშობლო, 1989 წლამდე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა.
1978 წლის 14 აპრილს, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში, მუხლი „სახელმწიფო ენის შესახებ“ გაეუქმებინა და საქართველოსა და სხვა საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, სახელმწიფო ენად რუსული გამოეცხადებინა.… ამ იდეის ავტორი საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი მიხეილ სუსლოვი გახლდათ. როგორც კი ამის შესახებ გახდა ცნობილი, საქართველოში, დაიწყო სტუდენტური მასობრივი დემონსტრაციები, აქციები ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესანარჩუნებლად. 14 აპრილს კი, როდესაც უკვე გადაწყვეტილი იყო კონსტიტუციაში ახალი მუხლის ჩამატება, 100 000-მდე ადამიანმა მოიყარა თავი რუსთაველის გამზირზე და აგორდა უზარმაზარი პროტესტის ტალღა. საპროტესტო აქციები ანალოგიური მოთხოვნით ბათუმშიც და საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

საკუთარი ენის დასაცავად მასშტაბური პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა ახალგაზრდები გახლდათ. ახალგაზრდების შეუპოვრობამ სრულიად საქართველო ფეხზე დააყენა.
ქართველი ხალხის მიერ გამოხატული წინააღმდეგობა მაშინდელი ხელმძღვანელობისთვის წარმოუდგენელიც კი იყო. საბჭოთა ხელისუფლებამ უკან დაიხია და იძულებული გახდა დაეკმაყოფილებინა ქართველი ერის მოთხოვნა. კონსტიტუციაში გამზადებული მუხლი გაუქმდა. ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. ქართველების მონაპოვარი შედეგი სხვა რესპუბლიკებზეც გავრცელდა. ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც საპროტესტო მიტინგი მშვიდობიანად, დარბევებისა და სისხლის ღვრის გარეშე დასრულდა.
სწორედ ამიტომაა, 14 აპრილი, საქართველოსთვის და ქართველებისთვის განსაკუთრებული დღე. ეს არის დღე „დედაენის“ და ეს არის დღე -გამრჯვების!

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ენა მჭიდროდ არის დაკავშირებული სამშობლოსთან, მის ტრადიციებთან. ქართველები ელოლიავებიან და უფრთხილდებიან მრავალი საუკუნის წინ დიდი ფარნავაზ მეფის მიერ შექმნილ ქართულ ანბანს. „ფარნავაზ განავრცო ენა ქართული და შეჰქმნა მწიგნობრობაჲ ქართული" - ასე წერია მემატიანეში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსოფლიოში 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი ქართული გახლავთ.
ქართულ დამწერლობას კი სამი ისტორიული სახე აქვს: ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული. ეს სახეები ქართული დამწერლობის განვითარების ეტაპებია. თანამედროვე ქართულ დამწერლობას მხედრული ჰქვია.
მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ასევე ქართულ წარწერებსა და ქართული ენის როლს გასულ საუკუნეებში.
ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული წარწერები I-V საუკუნით თარიღდება: ნეკრესის წარწერა (კახეთი, II ს.), ღვთისმშობლის ეკლესიაში აღმოჩენილი , დავითის სტელაზე შესრულებული ქართული ასომთავრული ანბანი (დუშეთი, 367 წ.) , პალესტინისა და ბოლნისის სიონის ტაძრის წარწერები (v ს.)...
1000-ზე მეტი ხელნაწერი არსებობს ქართულ ენაზე V-VII საუკუნეებით დათარიღებული, შემდგომ საუკუნეებში კი - 10 000-ზე მეტი.

ქართულ ენაზე შექმნილი პირველი ლიტერატურული ნაწარმოები მეხუთე საუკუნით თარიღდება, ანუ ჩვენ ქართველებს, თექვსმეტსაუკონოვანი დიდი კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს. მერვე საუკუნეში კი, ქართველი მწერალი, გიორგი მერჩულე წერს: „ქართულად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების". ანუ, საქართველოს მიწად ითვლება ყველა მხარე, სადაც ქართულ ენაზე ლოცულობენო. მსოფლიოს შედევრი და ყველასთვის ცნობილი პოემა „ვეფხისტყაოსანი“ ქართული ანბანითაა დაწერილი მე-12 საუკუნეში. მოგვიანებით, XIX ს-ში ქართველების დიდმა ეროვნულმა გმირმა, ილია ჭავჭავაძემ, რომელიც ასევე საქართველოს თავისუფლებას და ქართველების ერთიანობის იდეას შეეწირა, ისტორიული ფასეულობების დაცვა დაუტოვა ქართველებს ანდერძად: „მამული, ენა და სარწმუნოება“.
მე-19 საუკუნეში ი. ჭავჭავაძის თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
დიდმა ქართველმა მოღვაწე იაკობ გოგებაშვილმა 1865 წ. სასწავლო წიგნი „დედაენა“ შეადგინა. მის პირად არქივში უამრავი მასალა ინახება იმის შესახებ, თუ რა მონდომებით ცვლიდა ავტორი თითოეულ სიტყვას მოსწავლისათვის, შესათავაზებელ მოთხრობასა თუ ლექსში, როგორ აზუსტებდა და ხვეწდა მეთოდურ ნიუანსებს, რომ მარტივიდან რთულისკენ სვლა ბუნებრივი, სასურველი და სახალისო ყოფილიყო, როგორ საყოველთაო განხილვის საგნად აქცევდა თითოეული ასოს მოხაზულობას და, რაც მთავარია, როგორ ცდილობდა ყოველი სიახლე დაეშენებინა უძველეს ქართულ მწიგნობრულ გამოცდილებაზე.
საუკუნე ნახევრის შემდეგაც კი იაკობ გოგებაშვილის „დედაენამ“ ახალ თანამედროვე გამოწვებს გაუძლო და დღეს, ყველა ქართულ სკოლაში ამ წიგნით იწყება ქართული ანბანის სწავლა.
მე ვფიქრობ, რომ თურქეთში, ქართული ენის დღისთვის მიძღვნილი ეს ღონისძიება და სხვა მსგავსი პროექტები არის ერთგვარი მეგობრობის ხიდი საქართველოსა და თურქეთს შორის. ძალიან გვახარებს ისიც, რომ საქართველო ჩვენი ამჟამინდელი სამშობლოს - თურქეთის კეთილი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა. ამის დასტურია, სულ ახლახანს, თურქი, ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის ორჰან ფამუქის ღირსეული დახვედრა და კულტურული ღონისძიების ჩატარება საქართველოში. გვჯერა, რომ კავშირები საქართველოსა და თურქეთს შორის, კიდევ უფრო განმტკიცდება და მსგავსი პროექტები თავის წვლილს შეიტანს ამ კეთილშობილურ საქმეში.
ჩვენთვის ცნობილია, ასევე გულით ატარებენ ქართული ენისადმი სიყვარულს ფერეიდანსა და საინგილოში.
მინდა ყველა ქართველს, საქართველოში მცხოვრებს თუ არა მცხოვრებს, დიდი სიყვარულით მივულოცო ეს ისტორიული თარიღი და ვუსურვო ჩვენს ლამაზ სამშობლოს და ქართულ ენას უკვდავება სამარადისოდ!“

წყარო: ორჰან ბერიძის სოციალური გვერდი

ფოტო

'დედაენის დღე' სტამბულში
'დედაენის დღე' სტამბულში