კულტურა | თბილისი

ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამები (ისტორია, ეკოლოგია, ოკუპაცია)

საგანმანათლებლო პროგრამის განრიგი

  • 13:30 ისტორიის ლაბირინთი
  • 14:30 საუბრები ეკოლოგიაზე
  • 16:00 ოკუპაციის მუზეუმის პროგრამა

პროგრამები:

ისტორიის ლაბირინთი

პროგრამის პირველ ნაწილში მოსწავლეები დაათვალიერებენ მუზეუმის არქეოლოგიურ საგანძურს. მეორე ნაწილში კი მონაწილეობას მიიღებენ თამაშში, რომელსაც შეჯიბრის ხასიათი ექნება. აღნიშნული თამაშის დახმარებით სკოლის მოსწავლეები ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობენ საქართველოს ისტორიის, მეფეთა ცხოვრებისა და საქართველოს ხელოვნების ისტორიის შესახებ. თამაშში გამოყენებულია ქართველი მხატვრის, გიორგი გეგეჭკორის ნამუშევრები სერიიდან "საქართველოს მეფეები".

  • პროგრამა განკუთვნილია: მე-6 – მე-8 კლასის მოსწავლეთათვის
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წუთი
  • ჩატარების დრო: იანვარი-მარტი, ყოველ სამშაბათს 14:30

საუბრები ეკოლოგიაზე

მოვუაროთ ბუნებას - რთული და საპასუხისმგებლო მოვალეობაა ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრისათვის. ქვეყნის მომავლისათვის ზრუნვა არა მხოლოდ მისი კულტურისა და ისტორიის შესწავლაა, არამედ სამოქალაქო აზროვნებისა და ცნობიერების ამაღლება. მოდით ვისაუბროთ ეკოლოგიურ პრობლემებზე და ერთად ვიფიქროთ, თუ როგორ გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ჩვენი გარემო.

  • პროგრამა განკუთვნილია: 1-ლი – მე-4, მე-5 – მე-8 და მე–9 – მე–12 კლასის მოსწავლეთათვის
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
  • ჩატარების დრო: იანვარი-მარტი, სამშაბათს 14:00 საათზე

ოკუპაციის მუზეუმი

1. დამოუკიდებლობის წლები

მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში დაცულ არტეფაქტებს, ფოტოებს, საარქივო მასალას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შესახებ; ამ მასალაზე და დამატებით წყაროებზე დაყრდნობით ისინი იმსჯელებენ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შექმნის წინაპირობებსა და მიზეზებზე, საგარეო (I მსოფლიო ომი, დემოკრატიული რევოლუცია და ბოლშევიკური გადატრიალება რუსეთში) და საშინაო პოლიტიკის (საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების თუ ჯგუფების დამოკიდებულება ქვეყნის დამოუკიდებლად განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით) გავლენაზე; ასევე, ბოლშევიკური რუსეთისა და დემოკრატიული საქართველოს ურთიერთობებსა და ქვეყნის ოკუპაციის მიზეზებზე.

2. შეფიცულები

მოსწავლეები ოკუპაციის მუზეუმში დაცულ მასალებსა და ტრე ნერმასწავლებლების მიერ მიწოდებულ დამატებით წყაროებზე დაყრდნობით გააანალიზებენ ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დაწყებულ წინააღმდეგობის მოძრაობას, 1924 წლის აჯანყების მიმდინარეობას და შეაფასებენ დამარცხების მიზეზებს.

3. დაკარგული თაობა?!

მოსწავლეები იმსჯელებენ საბჭოთა კავშირში და, შესაბამისად, საქართველოში XX ს-ის 30-იან წლებში მიმდინარე რეპრესიების შესახებ. მეცადინეობა ჩატარდება სამუშაო ოთახსა და ოკუპაციის მუზეუმის გამოფენაზე, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან შესაბამის ნარატიულ წყაროებს, დოკუმენტებს, ფოტო და ვიდეომასალას; პასუხს გასცემენ კითხვას: შეიძლება თუ არა ვუწოდოთ ამ პერიოდის თაობას დაკარგული? ამ საკითხზე გაიმართება დისკუსია.

4. უღმერთო სახელმწიფო

მოსწავლეები გაეცნობიან ოკუპაციის მუზეუმში დაცულ მასალას საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რელიგიების და რელიგიური მოღვაწეების დევნის შესახებ. დამატებით ისინი გაეცნობიან ვიზუალურ და ნარატიულ წყაროებს იმავე საკითხის შესახებ. ყველაფერ ამაზე დაყრდნობით, გააანალიზებენ და იმსჯელებენ საბჭოთა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის შესახებ XX ს-ის 20-30-იან წლებში, შეაფასებენ საბჭოთა იდეოლოგიური მანქანის მიზანმიმართულ მოქმედებას ე. წ. "ახალი საბჭოთა" ადამიანის შექმნის პროცესში, ასევე იმას, თუ როგორ გახდა ანტირელიგიური პროპაგანდა და ანტირელიგიური ორგანიზაციები (მაგ. "მებრძოლ უღმერთოთა კავშირი") ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

5. ახალ სამშობლოში

თემა შეეხება XIX და XX სს-ის I ნახევარში საქართველოში მცხოვრებ გერმანულ დიასპორას. მოსწავლეები გაეცნობიან ოკუპაციის მუზეუმში დაცულ მასალას საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე გერმანელების შესახებ; დამატებით გაეცნობიან (ან თავად მოიპოვებენ) მასალას საქარ-თ ველოში გერმანული დასახლებების, გერმანელი არქიტექტორების მიერ თბილისში აგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე საქართველოში მოღვაწე გერმანელი ბიზნესმენების, ლიტერატორების, კულტურის მოღვაწეების შესახებ; გაეცნობიან მასალებს და იმსჯელებენ საქართველოში მცხოვრებ, XX ს-ის 30-იან და 40-იან წლებში რეპრესიების დროს დაღუპულ და გადასახლებულ გერმანელებზე.

  • პროგრამა განკუთვნილია: მე-9 – მე-12 კლასის მოსწავლეთათვის
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 75 წუთი
  • ჩატარების დრო: იანვარი–მარტი, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს (საათები იხ. კალენდარში)

წყარო საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფოტო

ინტერაქტიული საუბრები ეკოლოგიაზე
ინტერაქტიული საუბრები ეკოლოგიაზე
საბჭოთა ოკუპაცია
საბჭოთა ოკუპაცია
საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა ,,ისტორიის ლაბირინთი”
საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა ,,ისტორიის ლაბირინთი”

ვიდეო