კულტურა | თბილისი

ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამები (ნუმიზმატიკა, ქართული ხელნაწერები, ოკუპაცია)

ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამები (ნუმიზმატიკა, ქართული ხელნაწერები, ოკუპაცია)

საგანმანათლებლო პროგრამის განრიგი

  • 14:30 ნუმიზმატიკა
  • 15:30 ქართული ხელნაწერები
  • 16:30 ოკუპაციის მუზეუმის პროგრამა

მონეტები და მათი ისტორია

მას ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ და მის გარეშე შეუძლებელია არსებობა. იგი ნებისმიერი ასაკისა და სოციალური წარმოშობის ადამიანისათვის აუცილებელი სასიცოცხლო მნიშვნელობის საგანია. მასზე ყველა სახელმწიფოს სიმბოლური გამოსახულებები, ან ცნობილი პირებია გამოსახული, იგი სხვადასხვა ადამიანთა და კულტურათა ისტორიის მატარებელია და მისი მეშვეობით უამრავი საიდუმლოს ამოკითხვა შეიძლება. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატები გთავაზობენ გაეცნოთ ფულის ისტორიას და ხელი შეახოთ უძველესი მონეტების ასლებს.

  • პროგრამა განკუთვნილია: მე-4 – მე-12 კლასის მოსწავლეთათვის; სტუდენტებისთვის
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
  • ჩატარების დრო: იანვარი-მარტი, ყოველ ოთხშაბათს 14:30

როგორ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ხელნაწერ და ნაბეჭდ წიგნებს

სამწიგნობრო ხელოვნებას თავისი დიდი და საინტერესო თავგადასავალი აქვს. ჩვენამდე მოღწეული უძველესი წერილობითი ძეგლები V-VII სს.-ით თარიღდება. ხელნაწერი წიგნის შექმნა მეტად რთულ და ერთმანეთზე გადაჯაჭვულ თანმინდევრულ პროცესს გულისხმობდა (საწერი მასალის დამზადება, გადაწერა, მოხატვა, აკინძვა, შემოსვა). როგორ მოვეპყროთ ხელნაწერებსა და ნაბეჭდ წიგნებს, როგორ განვაახლოთ დაზიანებული წიგნები, როგორ მოვათავსოთ თაროზე და რა პირობები შევუქმნათ - ამისთვის აუცილებელია გავეცნოთ კოდექსის ფორმირების პროცესს, საწერი მასალის რაობას, მათი დამზადებისა და გამოყენების წესებს. პროგრამაში წარმოდგენილია პაპირუსის, ეტრატის, ქაღალდის, მელნის და სხვა მასალების დამზადების ისტორია და მათი შედგენილობა, ტექნიკური და ტექნოლოგიური პროცესები, ქართულ წერილობით ძეგლებში არსებული მონაცემები ამ პროცესების შესახებ და შესაბამისი ტერმინოლოგია.

  • პროგრამა განკუთვნილია: მე-7 – მე-12 კლასის მოსწავლეთათვის
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წუთი
  • ჩატარების დრო: 22 იანვარი, 5 და 19 თებერვალი, 5 და 19 მარტი, 15:30

ოკუპაციის მუზეუმი

1. დამოუკიდებლობის წლები

მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში დაცულ არტეფაქტებს, ფოტოებს, საარქივო მასალას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შესახებ; ამ მასალაზე და დამატებით წყაროებზე დაყრდნობით ისინი იმსჯელებენ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შექმნის წინაპირობებსა და მიზეზებზე, საგარეო (I მსოფლიო ომი, დემოკრატიული რევოლუცია და ბოლშევიკური გადატრიალება რუსეთში) და საშინაო პოლიტიკის (საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების თუ ჯგუფების დამოკიდებულება ქვეყნის დამოუკიდებლად განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით) გავლენაზე; ასევე, ბოლშევიკური რუსეთისა და დემოკრატიული საქართველოს ურთიერთობებსა და ქვეყნის ოკუპაციის მიზეზებზე.

2. შეფიცულები

მოსწავლეები ოკუპაციის მუზეუმში დაცულ მასალებსა და ტრე ნერმასწავლებლების მიერ მიწოდებულ დამატებით წყაროებზე დაყრდნობით გააანალიზებენ ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დაწყებულ წინააღმდეგობის მოძრაობას, 1924 წლის აჯანყების მიმდინარეობას და შეაფასებენ დამარცხების მიზეზებს.

3. დაკარგული თაობა?!

მოსწავლეები იმსჯელებენ საბჭოთა კავშირში და, შესაბამისად, საქართველოში XX ს-ის 30-იან წლებში მიმდინარე რეპრესიების შესახებ. მეცადინეობა ჩატარდება სამუშაო ოთახსა და ოკუპაციის მუზეუმის გამოფენაზე, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან შესაბამის ნარატიულ წყაროებს, დოკუმენტებს, ფოტო და ვიდეომასალას; პასუხს გასცემენ კითხვას: შეიძლება თუ არა ვუწოდოთ ამ პერიოდის თაობას დაკარგული? ამ საკითხზე გაიმართება დისკუსია.

4. უღმერთო სახელმწიფო

მოსწავლეები გაეცნობიან ოკუპაციის მუზეუმში დაცულ მასალას საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რელიგიების და რელიგიური მოღვაწეების დევნის შესახებ. დამატებით ისინი გაეცნობიან ვიზუალურ და ნარატიულ წყაროებს იმავე საკითხის შესახებ. ყველაფერ ამაზე დაყრდნობით, გააანალიზებენ და იმსჯელებენ საბჭოთა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის შესახებ XX ს-ის 20-30-იან წლებში, შეაფასებენ საბჭოთა იდეოლოგიური მანქანის მიზანმიმართულ მოქმედებას ე. წ. "ახალი საბჭოთა" ადამიანის შექმნის პროცესში, ასევე იმას, თუ როგორ გახდა ანტირელიგიური პროპაგანდა და ანტირელიგიური ორგანიზაციები (მაგ. "მებრძოლ უღმერთოთა კავშირი") ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

5. ახალ სამშობლოში

თემა შეეხება XIX და XX სს-ის I ნახევარში საქართველოში მცხოვრებ გერმანულ დიასპორას. მოსწავლეები გაეცნობიან ოკუპაციის მუზეუმში დაცულ მასალას საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე გერმანელების შესახებ; დამატებით გაეცნობიან (ან თავად მოიპოვებენ) მასალას საქარ-თ ველოში გერმანული დასახლებების, გერმანელი არქიტექტორების მიერ თბილისში აგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე საქართველოში მოღვაწე გერმანელი ბიზნესმენების, ლიტერატორების, კულტურის მოღვაწეების შესახებ; გაეცნობიან მასალებს და იმსჯელებენ საქართველოში მცხოვრებ, XX ს-ის 30-იან და 40-იან წლებში რეპრესიების დროს დაღუპულ და გადასახლებულ გერმანელებზე.

  • პროგრამა განკუთვნილია: მე-9 – მე-12 კლასის მოსწავლეთათვის
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 75 წუთი
  • ჩატარების დრო: იანვარი–მარტი, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს (საათები იხ. კალენდარში)

წყარო საქართველოს ეროვნული მუზეუმი