კულტურა | თბილისი

ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამები (საბრძოლო იარაღის ისტორია, ოკუპაცია)

საგანმანათლებლო პროგრამის განრიგი

  • 14:30 საბრძოლო იარაღის ისტორია
  • 15:30 ოკუპაციის მუზეუმის პროგრამა

საბრძოლო იარაღის ისტორია

განურჩევლად ასაკისა, ყველა ადამიანი განსაკუთრებული ინეტრესით კითხულობს ისტორიულ რომანს და მასში აღწერილ საბრძოლო სცენებს. ისინი კი, ვისაც კითხვა ნაკლებად იტაცებს, ასეთივე ინტერესით უყურებენ ისტორიულ ფილმებში ასახულ საბრძოლო ეპიზოდებს. ალბათ, გაინტერ-ესებთ საკუთარი თვალით ნახოთ უამრავ ბრძოლაში ნაცადი საბრძოლო იარაღი, გაეცნოთ მისი დამზადებისა და გამოყენების წესებს.

  • პროგრამა განკუთვნილია: მე-4 – მე-12 კლასის მოსწავლეთათვის
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წუთი
  • ჩატარების დრო: იანვარი-მარტი, ყოველ ხუთშაბათს 14:30

ოკუპაციის მუზეუმი

1. დამოუკიდებლობის წლები

მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში დაცულ არტეფაქტებს, ფოტოებს, საარქივო მასალას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შესახებ; ამ მასალაზე და დამატებით წყაროებზე დაყრდნობით ისინი იმსჯელებენ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შექმნის წინაპირობებსა და მიზეზებზე, საგარეო (I მსოფლიო ომი, დემოკრატიული რევოლუცია და ბოლშევიკური გადატრიალება რუსეთში) და საშინაო პოლიტიკის (საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების თუ ჯგუფების დამოკიდებულება ქვეყნის დამოუკიდებლად განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით) გავლენაზე; ასევე, ბოლშევიკური რუსეთისა და დემოკრატიული საქართველოს ურთიერთობებსა და ქვეყნის ოკუპაციის მიზეზებზე.

2. შეფიცულები

მოსწავლეები ოკუპაციის მუზეუმში დაცულ მასალებსა და ტრე ნერმასწავლებლების მიერ მიწოდებულ დამატებით წყაროებზე დაყრდნობით გააანალიზებენ ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დაწყებულ წინააღმდეგობის მოძრაობას, 1924 წლის აჯანყების მიმდინარეობას და შეაფასებენ დამარცხების მიზეზებს.

3. დაკარგული თაობა?!

მოსწავლეები იმსჯელებენ საბჭოთა კავშირში და, შესაბამისად, საქართველოში XX ს-ის 30-იან წლებში მიმდინარე რეპრესიების შესახებ. მეცადინეობა ჩატარდება სამუშაო ოთახსა და ოკუპაციის მუზეუმის გამოფენაზე, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან შესაბამის ნარატიულ წყაროებს, დოკუმენტებს, ფოტო და ვიდეომასალას; პასუხს გასცემენ კითხვას: შეიძლება თუ არა ვუწოდოთ ამ პერიოდის თაობას დაკარგული? ამ საკითხზე გაიმართება დისკუსია.

4. უღმერთო სახელმწიფო

მოსწავლეები გაეცნობიან ოკუპაციის მუზეუმში დაცულ მასალას საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რელიგიების და რელიგიური მოღვაწეების დევნის შესახებ. დამატებით ისინი გაეცნობიან ვიზუალურ და ნარატიულ წყაროებს იმავე საკითხის შესახებ. ყველაფერ ამაზე დაყრდნობით, გააანალიზებენ და იმსჯელებენ საბჭოთა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის შესახებ XX ს-ის 20-30-იან წლებში, შეაფასებენ საბჭოთა იდეოლოგიური მანქანის მიზანმიმართულ მოქმედებას ე. წ. "ახალი საბჭოთა" ადამიანის შექმნის პროცესში, ასევე იმას, თუ როგორ გახდა ანტირელიგიური პროპაგანდა და ანტირელიგიური ორგანიზაციები (მაგ. "მებრძოლ უღმერთოთა კავშირი") ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

5. ახალ სამშობლოში

თემა შეეხება XIX და XX სს-ის I ნახევარში საქართველოში მცხოვრებ გერმანულ დიასპორას. მოსწავლეები გაეცნობიან ოკუპაციის მუზეუმში დაცულ მასალას საქართველოში მცხოვრები და მოღვაწე გერმანელების შესახებ; დამატებით გაეცნობიან (ან თავად მოიპოვებენ) მასალას საქარ-თ ველოში გერმანული დასახლებების, გერმანელი არქიტექტორების მიერ თბილისში აგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე საქართველოში მოღვაწე გერმანელი ბიზნესმენების, ლიტერატორების, კულტურის მოღვაწეების შესახებ; გაეცნობიან მასალებს და იმსჯელებენ საქართველოში მცხოვრებ, XX ს-ის 30-იან და 40-იან წლებში რეპრესიების დროს დაღუპულ და გადასახლებულ გერმანელებზე.

  • პროგრამა განკუთვნილია: მე-9 – მე-12 კლასის მოსწავლეთათვის
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 75 წუთი
  • ჩატარების დრო: იანვარი–მარტი, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს (საათები იხ. კალენდარში)

წყარო საქართველოს ეროვნული მუზეუმი