კულტურა | თბილისი

ვაშინგტონში "ტრიო კავკასიის" კონცერტი გაიმართება

22 იანვარს, ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, "ტრიო კავკასიის" კონცერტი გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს , ტრიო ამერიკელი შემსრულებლებისგან შედგება.

"კარლ ლინიჩმა, სტუარტ გელსარმა და ალან გასერმა ტრიო 1994 წელს დააფუძნეს. მათ პროფესიულ დონეზე შეისწავლეს და ასრულებენ ქართულ ხალხურ მუსიკას. სხვადასხვა დროს ტრიოს კონცერტები აქვს ჩატარებული, როგორც ლინკოლნის ცენტრში, ისე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განმარტებით, ტრიოს წევრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ქართული ფოლკლორის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლისა და მსოფლიოში მისი პოპულარიზაციისათვის გაწეული საქმიანობისათვის, თავის დროზე ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"