კულტურა | თბილისი

უნიკალური ალბომი - 'ფერადი საქართველო'

ფერადი საქართველო - ვერნერ რუდიგერის ნახატების კოლექცია
ფერადი საქართველო - ვერნერ რუდიგერის ნახატების კოლექცია

ქალაქ თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის დაფინანსებით საქართველოს ხელოვნების სასახლემ ალბომი „ფერადი საქართველო“ გამოსცა. აღნიშნულ კატალოგში პირველად იბეჭდება გერმანელი მხატვრის ვერნერ რუდიგერსი მიერ შექმნილი ტილოების სრული კოლექცია.

ქართულ კულტურას გერმანელმა მხატვარმა, მოგზაურმა და მკველვარმა ვერნერ რუდიგერმა მნიშვნელოვანი ღვაწლი დასდო, მან XX საუკუნის 70-80-იან წლებში ფეხით შემოიარა თურქეთში, საქართველოს ისტორიული ტერიტორიები და საოცარი რუდუნებით არა მხოლოდ ჩაიხატა, არამედ ფოტო და კინოფირზე აღბეჭდა ქართველი მეცნიერებისათვის მაშინ მიუწვდომელი ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლები.

დღეს ამ ასამდე უნიკალურ ფერწერულ თუ გრაფიკულ ნახატს მხატვრულთან ერთად უდიდესი ისტორიული მნიშვნელობაც გააჩნია. რუდიგერის მიერ ტილოზე გადმოტანილი ისტორიული ძეგლების უმეტესობამ ჟამთა სიავის გამო სახე იცვალა, ბევრი ჩუქურთმა, არქიტექტურული დეტალი თუ ორნამენტი სამუდამოდ დაიკარგა.

ვერნერ რუდიგერის კოლექცია 100 მდე ნამუშევარს მოიცავს, იგი ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს, უმეტესობა გრაფიკული ნამუშევარია და ძირითადად ტაო-კლარჯეთის არქიტექტურულ ძეგლებს ასახავს. ფერწერული ტილოების შემთხვევაში კი სამხრეთ საქართველოს ხუროთმოძღვრებასთან ერთად, ბრწინვალე ტილოები ეძღვნება სვეტიცხოვლის, ბაგრატის, ალავერდის კათედრალებს, თბილისის ხედებს.

ვერნერ რუდიგერის კოლექციას რთული თავგადასავალი ჰქონდა, ეს დიდი ეროვნული საგანძური გერმანელმა მხატვარმა სრულიად უსასყიდლოდ საქართველოს სახელმწიფოს უსახსოვა, ნამუშევრები ორიოდე წელი ნახატების ეროვნული გალერეის მიწისქვეშა საცავში ინახებოდა, თუმცა XX საუკუნის 90-იან წლებში, თბილისში შექმნილმა მძიმე ვითარებამ კოლექცია განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა, ნახატების გადარჩენის მიზნით ავტორმა ტილოები საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გადაიტანა, თუმცა არც ეს ადგილი აღმოჩნდა შესაბამისი, ამიტომ 2009 წელს ვერნერ რუდიგერმა ნამუშევრები თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს მიაბარა.

დღეს ვერნერ რუდიგერის ყველა ნამუშევარი ოფიციალურად ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და სამუზეუმო საგანძურს წარმოადგენს.

მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი ორენოვანი კატალოგი ბევრ მკვლევარსა თუ მოგზაურს არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის
კატალოგის პრეზენტაცია ხელოვნების სასახლის საგამოფენო დარბაზში გაიმართება.

მისამართი: კარგარეთელის ქუჩა 6

წყარო: საქართველოს ხელოვნების სასახლე

ფოტო

ფერადი საქართველო - ვერნერ რუდიგერის ნახატების კოლექცია
ფერადი საქართველო - ვერნერ რუდიგერის ნახატების კოლექცია