მეცნიერება | თბილისი

აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ვახტანგ ჯაოშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა

აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ვახტანგ ჯაოშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა
აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ვახტანგ ჯაოშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საიუბილეო სხდომა გაიმართება, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ვახტანგ ჯაოშვილის დაბადების 100 წლისთავს ეძღვნება.

მისამართი: რუსთაველის გამზ. 52, მეხუთე სართულის დიდი დარბაზი

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო

100 წლის წინ, 1914 წლის 25 თებერვალს დაიბადა ცნობილი ქართველი გეოგრაფი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1980-1996), გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1970), მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1983), ვახტანგ შალვას ძე ჯაოშვილი.

ვახტანგ შალვას ძე ჯაოშვილი დაიბადა დაბა ბელიასუარში (ბაქოს გუბერნია, ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია). 1938 წელს დაამთავრა საქართველოს სამთო ქიმიური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი, 1941 წელს მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა. მუშაობდა ხელმძღვანელ სამეურნეო თანამდებობაზე. 1941-45 წლებში დიდ სამამულო ომში, საბჭოთა არმიის რიგებში იბრძოდა. 1953 წლიდან, სამხედრო სამსახურიდან დემობილიზაციის შემდეგ, მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. 1967-1977 წწ. იყო მოსახლეობის გეოგრაფიის ლაბორატორიის გამგე, 1978 წლიდან ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. წლების მანძილზე ვახტანგ ჯაოშვილი იყო ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. იგი აგრეთვე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: თსუ-ში კითხულობდა ლექციების კურს მოსახლეობის გეოგრაფიაში. ვახტანგ ჯაოშვილის მეცნიერული მუშაობის ძირითადი სფერო იყო საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფია. მუშაობდა უმთავრესად დემოგრაფიისა და ურბანიზაციის საკითხებზე, აგრეთვე რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემებზე. შეიმუშავა საქართველოს დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებისა და რესპუბლიკის ურბანიზაციის კონცეფცია. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 12 მონოგრაფია. მისი შრომები დაიბეჭდა აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, უნგრეთში, ინდოეთში და სხვა ქვეყნებში. დაჯილდოებული იყო წითელი ვარსკვლავისა და დიდი სამამულო ომის II ხარისხის ორდენებითა და მედლებით.1970 წელს მიენიჭა სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების სემიონოვ-ტიან-შანსკის სახელობის ოქროს მედალი, 1971 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1978 წელს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, 1993 წელს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია, 1997 წელს კი ღირსების ორდენი.
ვახტანგ ჯაოშვილი გარდაიცვალა 1997 წლის 26 მარტს. დაკრძალულია თბილისში, ვერეს სასაფლაოზე.

ლიტერატურა: ჭეიშვილი ო. - მოკლე გეოგრაფიული ცნობარი, თბ., 1977; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 540-541, თბ., 1987 წელი; ხარაძე კ. - ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი. თბ., 2003; ჯაოშვილი ვ. - წარსულის გახსენება (მოგონებები), თბ., 2011

წყარო: საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება