საზოგადოება › ნეკროლოგი | თბილისი

100 წლის ასაკში გარდაიცვალა სახალხო არტისტი, პირველი ქართველი ჯამბაზი სანდრო თედიაშვილი

100 წლის ასაკში გარდაიცვალა სახალხო არტისტი, პირველი ქართველი ჯამბაზი სანდრო თედიაშვილი
100 წლის ასაკში გარდაიცვალა სახალხო არტისტი, პირველი ქართველი ჯამბაზი სანდრო თედიაშვილი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 100 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, პირველი ქართველი ჯამბაზი სანდრო თედიაშვილი.

საცირკო ხელოვნების ოსტატი სანდრო თედიაშვილი 1913 წელს დაიბადა. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში (1934-52წლები). 1952 წლიდან მსახიობი გადმოდის თბილისში, ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრში (მოზარდმაყურებელთა თეატრი), სადაც 5 წლის განმავლობაში რჩება, ვიდრე ქართული ცირკის პირველი ჯამბაზის დამსახურებულ წოდებას დაიმსახურებს.

ქალ მოჯირითეთა დასის შექმნით, ურთულესი, უცხო ილეთების და თუ სხვა მნიშვნელოვანი მიღწევების გამო, ქართული ცირკი მთელს საბჭოთა კავშირში პირველი იყო, შესაძლოა ამიტომაც 1957 წელს, თბილისში ქართული საცირკო ხელოვნების კოლექტივის შექმნის საკითხი დაისვა; რადგან სიახლეებთან დაკავშირებული ყველაფერი - დანიშვნები, გათავისუფლებები, გასტროლები რუსეთში წყდებოდა, თბილისში რუსეთიდან საბჭოთა კავშირის საცირკო ხელოვნების სამმართველოს წარმომადგენელი ჩამოვიდა. საბჭოთა კავშირის წარმომადგენელმა მოზარდმაყურებელთა თეატრში 44 წლის სანდრო თედიაშვილი აღმოაჩინა. დაიწყო მსახიობის ახალი ეტაპი ქართულ ცირკში.

სანდრო თედიაშვილს საბჭოთა კავშირში პირველი ქართველი ჯამბაზის წოდება მიენიჭა. სანდრო თედიაშვილმა ცირკში შექმნა კინტოს სახე და ქართველმა მაყურებელმა ჯამბაზი კინტოს სახით მიიღო. როგორც თავად მსახიობი ამბობს, კინტომ საქართველოში მალე დაიმსახურა აღიარება, თუმცა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნაციონალურ კოსტიუმში გამოწყობილმა ჯამბაზმა ასეთივე წარმატება ვერ მოიპოვა. მსახიობის 20 წლიანი ეპოქა ქართულ ცირკს ეკუთვნის.

სანდრო თედიაშვილი არის თანაავტორი დადგმისა „ლურჯი მთების ლეგენდა“. ყოველი დღის 12 საათიან სეანსზე ისტორიული ზღაპრის ფორმითა და იუმორით ჯამბაზი პატარებს საქართველოზე, მის ისტორიაზე მოუთხრობდა. ასე გაიცნეს ბავშვებმა "კაცი - უჩინმაჩინი", პირველი ქართველი მასხარა - სანდრო თედიაშვილი.

ნაყოფიერი მუშაობის გამო, პირველ ქართველ ჯამბაზს ცირკის დირექტორობასაც უპირებდნენ, თუმცა უპარტიობის გამო თანამდებობაზე ვერ დანიშნეს. შემდეგ დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა შოთა მილორავას სახელობის საესტრადო-საცირკო სასწავლებელში, სადაც 2004 წლამდე მუშაობდა.

სანდრო თედიაშვილი არის ავტორი წიგნისა „ცირკის საოცრებათა ხელოვნება“.

წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო