ქართულ - ბრიტანული თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება

ბრიტანეთის საბჭო და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. ეს დოკუმენტი კიდევ უფრო გააღრმავებს 2012 წელს დაწყებულ თანამშრომლობას და განამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ინსტიტუციებს შორის მეგობრული კავშირების დამყარებას, ხელს შეუწყობს საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას კულტურისა და განათლების სფეროში.
ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ხელოვნების სფეროში თანამშრომლობას. 2012 წელს დაწყებულმა თეატრალური პარტნიორობის პროექტმა მყარი საფუძველი ჩაუყარა სამომავლო თანამშრომლობას.
წარმატებული გამოცდილებიდან გამომდინარე ორივე მხარე ძალ - ღონეს არ დაიშურებს განახორციელონ პროფესიული განვითარების და შემოქმედებითი ზრდისთვის გამიზნული აქტივობები და გაცვლითი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს აჭარის თეატრების პოტენციალის გაზრდას და ქართველი კოლეგებისთვის ბრიტანული გამოცდილების გაზიარებას.
ჩვენი ერთობლივი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აჭარაში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას.
ბრიტანეთის საბჭო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ინგლისური ენის სწავლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში, ასევე აჭარაში არსებულ სკოლებსა და ბრიტანელ პედაგოგებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარებაში. ბრიტანეთის საბჭო ასევე იზრუნებს ინგლისური ენის პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე დასკოლების ინგლისური ენის სასწავლო მასალით უზრნველყოფაზე.
აღნიშნული ღონისძიების აქტუალობიდან გამომდინარე, თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრება ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების დირექტორი - გრემ შეფილდი, რომელიც მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს კულტურის სფეროში მოღვაწე ქართველ პროფესიონალებთან.
იგი ასევე შეხვდება განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრს და აჭარის უზენაესი საბჭოს განათლების, კულტურის და სპორტის კომისიის თავმჯდომარეს სამომავლო თანამშრომლობის განსახილველად.
გრემ შეფილდი ასევე გამართავს დისკუსიას აუდიტორიის განვითარების ვორქშოფის მონაწილეებთანაც, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს მიერ აჭარაში განხორციელებული საშემსრულებლო ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ტარდება.
წყარო: აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო