პოლიტიკა | თბილისი

გაეროს და ევროკავშირის პროექტი: პესტიციდების გამოყენებისას რისკის შემცირება

გაეროს და ევროკავშირის პროექტი: პესტიციდების გამოყენებისას რისკის შემცირება
გაეროს და ევროკავშირის პროექტი: პესტიციდების გამოყენებისას რისკის შემცირება

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" იმართება რეგიონული შეხვედრა თემაზე: "პესტიციდების გამოყენებისას რისკის შემცირება და ფერმერების დაცვა პესტიციდებით მოწამვლისაგან ". გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროკავშირის ურთიერთშეთანხმების პროექტის ფარგლებში, მონაწილეები მსჯელობენ პესტიციდების უსაფრთხო გამოყენებაზე, ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ვინაიდან პესტიციდების უსაფრთხო გამოყენება და მათი გამოყენებისას რისკების მინიმუმამდე შემცირება ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

შეხვედრაში მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები და ევროექსპერტები აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვადან, რუსეთიდან და უკრაინიდან. შეხვედრის მიზანია აღნიშნულ ქვეყნებში საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება პესტიციდების უსაფრთხო გამოყენების უკეთესი პრაქტიკის დასანერგად.

ამ მიმართულებით საქართველომ ორ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. პირველი შეხვედრა მიზნად ისახავდა პესტიციდების გამოყენებით გამოწვეული რისკების შემცირებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე; ასევე, იმ ადამიანების ცნობიერების ამაღლებას, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ პესტიციდებთან.

მეორე შეხვედრა - რეგიონული კონფერენცია არის გზამკვლევი მდგრადი სოფლის მეურნეობისათვის და მისი მიზანია განსაკუთრებით საშიში პესტიციდების მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწა, ეროვნული და რეგიონული ინიციატივების წამოჭრა, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნებს, გამოიყენონ უფრო მდგრადი მეთოდი სურსათის წარმოებისას და დაიცვან ფერმერები და მომხმარებლები პესტიციდების მავნე ზემოქმედებისაგან.

წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო