პოლიტიკა | თბილისი

იუსტიციის სასწავლო ცენტრის მშენებლობის დასრულება შემოდგომისთვის იგეგმება

იუსტიციის სასწავლო ცენტრის მშენებლობის დასრულება შემოდგომისთვის იგეგმება
იუსტიციის სასწავლო ცენტრის მშენებლობის დასრულება შემოდგომისთვის იგეგმება

სექტემბრის ბოლოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ახალ ოფისში გადადის. პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაათვალიერა. მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სისტემაში ყველა მშენებლობა ტენდერით ხორციელდება, რის შედეგადაც, კონკრეტულად ამ შენობაზე 400 ათასი ლარი დაიზოგა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ბიუჯეტს დაუბრუნდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი სსიპ-ების ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ამ შემთხვევაში სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძველ შენობას, რომელშიც სექტემბრიდან განთავსდება იუსტიციის სასწავლო ცენტრი, რომელიც ამჟამად ძალიან ვიწროდ, პროკურატურის შენობაშია განთავსებული. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტეგრაციისთვის, ამავე შენობაში გადმოვა საკანონმდებლო მაცნეს მთარგმნელობითი ცენტრი, რომელიც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი ბევრ სხვა სახელმწიფო სტრუქტურას შორის იმ ფართომასშტაბიან საქმიანობაში, რომელიც საქართველომ უნდა გაწიოს ევროპული დირექტივების ქართულად თარგმნისა და ქართული კანონების ევროპულ ენებზე თარგმნის საქმეში. ეს ორი სსიპ აქ დაიდებს სექტემბრიდან ბინას. ჩვენ გვინდა, რომ მათ ჰქონდეთ ყველანაირი შესაბამისი პირობა, რომ არა მხოლოდ მოქალაქის თვალში აჩვენებდნენ ევროპული სტილის სახელმწიფოს სახეს, არამედ კანონის დაცვით ძლიერდებოდეს ინფრასტრუქტურები. ჩვენს სტრუქტურაში ყველა შენობის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროცესში, რომელიც ჩავატარეთ იანვრიდან მაისის ჩათვლით, ჩვენ ვიარეთ ტენდერების გზით და არა ისე, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა. ამ გზით ჩვენ დავზოგეთ, დაახლოებით, 400 ათასი ლარი, რომელიც უკან დაუბრუნდება ბიუჯეტს“, − განაცხადა მინისტრმა.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამ დრომდე მთავარი პროკურატურის შენობაშია განთავსებული. სსიპ-ის ფუნქცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სხვა დაინტერესებული უწყებების თანამშრომელთა შერჩევა, მომზადება, გადამზადებაა. ამ მიზნების განსახორციელებლად უწყებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება, რომელიც სწავლების, ტრენინგებისა და ტესტირების პროცესს უფრო ნაყოფიერსა და კომფორტულს გახდის.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწარმოებენ. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომისთვის იგეგმება. იუსტიციის სასწავლო ცენტრის გარდა, ახალ შენობაში საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მთარგმნელობითი ცენტრიც განთავსდება.

წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

ვიდეო