პოლიტიკა | საზღვარგარეთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთს ეწვევა

ვიზიტი ხორციელდება 11-13 ივნისს, ლონდონში დაგეგმილი „კონფლიქტების დროს  ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ სამიტთან“ დაკავშირებით, რომელსაც მასპინძლობენ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი უილიამ ჰეიგი და ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის საგანგებო წარმომადგენელი ანჯელინა ჯოლი.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მაია ფანჯიკიძე პირადად გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის, უილიამ ჰეიგის მიერ არის მიწვეული. დაგეგმილია მინისტრის მონაწილეობა 12 ივნისს სამიტის პლენარულ სესიაში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება გაერთიანებული სამეფოს ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, დევიდ ლიდინგტონს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს მარკ რეკლესს და ამავე ჯგუფის წევრ პარლამენტარებს.

მინისტრი ფანჯიკიძე ბრიტანულ მხარესთან შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ყურადღება დაეთმობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და შემდგომი ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს ნატოს უელსის სამიტის კონტექსტში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და უკრაინის კრიზისს.

მინისტრი მონაწილეობას მიიღებს Chatham House-ში - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში დაგეგმილ ღონისძიებაში, სადაც წარდგება მოხსენებით თემაზე - “Georgia: European Ambitions and Regional Challenges”.

ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგება შეხვედრა კომპანია „ბრითიშ პეტროლეუმის“ აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლებთან.

10 ივნისს მაია ფანჯიკიძე დაესწრება ლონდონში საქართველოს საელჩოს მიღებას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რომელზეც მისასალმებელი სიტყვით გამოვა.

წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო