პოლიტიკა | საზღვარგარეთ

საქართველოს მთავრობის შეხვედრა ევროკომისიის კოლეგიასთან

საქართველოს მთავრობის შეხვედრა ევროკომისიის კოლეგიასთან
საქართველოს მთავრობის შეხვედრა ევროკომისიის კოლეგიასთან

ბრიუსელში დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისართა კოლეგიასა და საქართველოს მთავრობას შორის. ეს არის უპრეცედენტო ფორმატი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, რომელიც ემსახურება საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაღრმავებას თანამშრომლობის შემდგომი ინტენსიფიკაციის გზით. ამ შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით,  ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე  პასუხისმგებელი მინისტრები უშუალო დიალოგს წარმართავენ შესაბამის ევროკომისრებთან.

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტების, ასევე ღონისძიების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან გამომდინარე, 21 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრა.  

ასევე,  ჩატარდება პლენარული სესია ევროკომისრებისა და საქართველოს მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების მონაწილეობით, რომლის დასრულებისთანავე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

პრეს-კონფერენციის ფარგლებში იგეგმება ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში 19 მილიონი ევროს დახმარების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა. გარდა ამისა, ღონისძიების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება  ერთობლივი განცხადება პრესისთვის.

ამავე დღეს დაგეგმილია დარგობრივი მინისტრების ორმხრივი შეხვედრები შესაბამის ევროკომისრებთან.

წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო