საზოგადოება | თბილისი

ფერგიუსონის ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია

ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია
ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია

გამომცემლობა "არტანუჯი" და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა გიწვევთ საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ყველა დროის ლეგენდარული მწვრთნელის ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფიული წიგნის "ჩემი ავტობიოგრაფია" პრეზენტაციაზე. წარდგინებაზე გავუშვებთ ალექს ფერგიუსონის ვიდეო მიმართვას, რომელიც სპეციალურად ამ წიგნის გამომცემლებისთვის მთელ მსოფლიოში და მკითხველებისთვის ჩაწერა.

„ჩემი ავტობიოგრაფია“ – ეს არის შესანიშნავი ამბავი კაცზე, რომელიც მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად. წიგნში ბევრი საინტერესო ეპიზოდია. სერ ალექს ფერგიუსონის ისტორია გოვანში, გლაზგოს გემთმშენებელთა უბანში იწყება. ის გულწრფელად აღწერს თავის ცხოვრებასა და სამწვრთნელო მოღვაწეობას. წიგნში მოთხრობილია ალექს ფერგიუსონის მიერ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული 27 წელი.

ფენომენური სამწვრთნელო უნარების მქონე ალექს ფერგიუსონი მოგვითხრობს, როგორი მკაცრი და თან მზრუნველი დამოკიდებულება ჰქონდა მსოფლიო დონის ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც რაიან გიგზი, როი კინი, ერიკ კანტონა, დევიდ ბექჰემი, რუდ ვან ნისტელროი, რიო ფერდინანდი, უეინ რუნი და კრიშტიანუ რონალდუ იყვნენ. სერ ალექს ფერგიუსონი პროვოკაციულად აღწერს თავის მეტოქეობას "ლივერპულთან", "არსენალთან", "ჩელსისთან" და მოგვიანებით "მანჩესტერ სიტისთან". ხშირად ხუმრობს არსენ ვენგერსა და ჟოზე მოურინიოსთან დაპირისპირებაზეც.

სამწვრთნელო ფსიქოლოგია და უმაღლესი დონის საფეხბურთო სტრატეგიის დეტალები მკითხველისთვის არავის აუხსნია აქამდე ისე საინტერესოდ და გახსნილად, როგორც ეს სერ ალექსმა შეძლო. "ჩემი ავტობიოგრაფია" უამრავ ახალ ამბავს მოგვითხრობს და გატაცებით იკითხება.

ინგლისურიდან თარგმნა ივანე ჩხიკვაძემ.

წყარო: გამომცემლობა არტანუჯი