საზოგადოება | შიდა ქართლი

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობის აღწერა

2014 წლის 20 თებერვლიდან გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება, რომელიც თითოეული დასახლების მიხედვით შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები ოჯახების სიების შედგენას ითვალისწინებს. ამისთვის საქსტატმა მოამზადა 349 რეგისტრატორი, რომელიც ზემოაღნიშნულ სამუშაოებს 14 დღის განმავლობაში ჩაატარებს.


ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები სამეგრელოს რეგიონში მიმდინარეობს, რომელიც 23 თებერვალს დასრულდება. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა აჭარაში, გურიაში, კახეთსა და თბილისში. ოჯახების სიების შედგენა 3 მარტიდან სამცხე-ჯავახეთში გაგრძელდება, ხოლო აპრილში აღწერის მოსამზადებელი ეტაპი ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებით დასრულდება.


საყოველთაო აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებზე სულ 4 ათასი ადამიანი დასაქმდება.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება. ამ მიზნისთვის შეირჩევა 15 ათასამდე ადამიანი, რომელიც მოსახლეობას სპეციალური კითხვარების მეშვეობით ინდივიდუალურად გამოკითხავს.

ვიდეო