საზოგადოება | თბილისი

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხებზე ICOMOS-ის ეროვნული კომიტეტების შეხვედრა

"ICOMOS საქართველოს" ორგანიზებით, 23-24 იანვარს პროექტის "რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის" ფარგლებში თბილისში გაიმართება აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ICOMOS-ის ეროვნული კომიტეტების შეხვედრა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხებზე.

"ICOMOS საქართველოს" ინფორმაციით, შეხვედრის ფასილიტატორია პოლონეთის "იკომოსის" პრეზიდენტი და "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წევრი ბოგუსლავ ზმიგინი. შეხვედრის მონაწილეები არიან ესტონეთის, ლატვიის, უკრაინისა და სომხეთის ICOMOS-ის ეროვნული კომიტეტების წარმომადგენლები.

ვორკშოპის ფარგლებში, დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დაგეგმილია მონაწილეების შეხვედრა სამთავრობო და დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლებთან, რომელსაც დაესწრებიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები. შეხვედრას დაესწრებიან აგრეთვე პოლონეთის, ესტონეთისა და ლატვიის საელჩოების წარმომადგენლები.