საზოგადოება | თბილისი

პროექტი 'ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ, ვასურათებთ ვეფხისტყაოსანს - 2014'

პროექტი 'ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ, ვასურათებთ ვეფხისტყაოსანს - 2014'
პროექტი 'ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ, ვასურათებთ ვეფხისტყაოსანს - 2014'

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2014 წელსაც განაგრძობს სტუდია „ტელევეზირის“ მიერ ინიცირებული პროექტის „ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ, ვასურათებთ ვეფხისტყაოსანს“ მხარდაჭერას.

პროექტის მიზანი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლის „ვეფხისტყაოსნის’’ მოზარდ თაობაში პოპულარიზაციაა. - მისი მთავარი მოქმედი გმირები, სწორედ ბავშვები არიან.

პროექტი გულისხმობს მოზარდების მიერ „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის ნახატებით გაცოცხლებას, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომში, პროფესიონალი ანიმატორები ანიმაციებს შექმნიან.

პროექტის „ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ, ვასურათებთ ვეფხისტყაოსანს’’ მხარდამჭერი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2013 წლიდანაა.

2014 წელს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვებ - გვერდის www.utvalavi.ge ინგლისურენოვანი ვერსიის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ბავშვების მიერ ნახატებით დასურათებულ და გახმოვანებულ ვეფხისტყაოსანს როგორც ქართული დიასპორა, ასევე მსოფლიო საზოგადოება გაიცნობს.

აღნიშნულ პროექტს სტუდია „ტელევეზირი“მიმდინარე წლის 4 - 7 დეკემბერს ქ. ვარშავაში დაგეგმილ შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე წარადგენს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსთველოლოგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონფერენციის ფარგლებში მოხდება სტუდია ტელევიზირის ვებ - გვერდის, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმის ინგლისური ვერსიის დემონსტრირება.

ამავე პროექტის ფარგლებში, სამცხე - ჯავახეთში და ქვემო ქართლში დაგეგმილია ექსპედიციების განხორციელება, რომლის მთავარი მიზანი ქართული უნიკალური კულტურული ძეგლის - „ვეფხისტყაოსნის’’ საქართველოში მაცხოვრებელი ეთნიკური უმცირესობებისთვის გაცნობა და პოპულარიზაციაა.

პროექტი ინიცირებულია სტუდია „ტელევეზირის“ მიერ და ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „ქართული კინოს ხელშეწყობის’’პროგრამის ფარგლებში.

წყარო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო