საზოგადოება | თბილისი

თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნის პატივმისაგებად, სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდება

თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნის პატივმისაგებად, სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდება
თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნის პატივმისაგებად, სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდება

საქართველოს სახელოვანი მამულიშვილის თამაზ ნადარეიშვილის ხსოვნის პატივმისაგებად მის საფლავზე (საბურთალოს სასაფლაო) 19 ივლისს, 11:00 საათზე სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდება.

მის საფლავთან შეიკრიბებიან აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, თამაზ ნადარეიშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამოაზრეები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება.

თამაზ ნადარეიშვილს სამხედრო პატივს მიაგებს თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი და საპატიო ყარაული.

თამაზ ნადარეიშვილი 1954 წლის 19 ივლისს, ქალაქ გაგრაში დაიბადა. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაგრის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, იყო გაგრის ქალაქკომის მეორე მდივანი, 1990 წელს აირჩიეს საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატად, 1991 წელს - აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, 1992 წლის იანვარში - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 1992 წლის ოქტომბერში - საქართველოს პარლამენტის წევრად, 1992 წლის ნოემბერში დაინიშნა აფხაზეთის ა.რ. მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის ნოემბერში თ.ნადარეიშვილი სახელმწიფო მეთაურის მრჩევლად დაინიშნა, ერთ თვეში კი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერი გახდა. 1995 წლის თებერვლიდან მან დატოვა ვიცე-პრემიერის პოსტი, რადგან ის აირჩიეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დევნილობაში. ამ პერიოდიდან თამაზ ნადარეიშვილი გახდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრიც.

თამაზ ნადარეიშვილს მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება, ის დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, იყო გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. არჩეული იყო ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსად. დაცული ჰქონდა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ეთნიკური წმენდა და გენოციდი აგრესიული სეპარატიზმის იარაღი“. არის აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოცემული ოთხი წიგნის, რამდენიმე მონოგრაფიის და უამრავი პუბლიკაციის ავტორი.

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო