საზოგადოება | მესტია

ფრენები მესტიის მიმართულებით

ფრენები მესტიის მიმართულებით
ფრენები მესტიის მიმართულებით

18 ივლისიდან მესტიის მიმართულებით ავიარესიების განხორციელება დაიწყება - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატახტარის აეროდრომზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ოფიციალურად გამოცხადდა „თბილისი-მესტია-თბილისის“ რეისის ამოქმედების შესახებ. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

„მთელი წლის განმავლობაში სვანეთთან იოლი, რეგულარული და სწრაფი კომუნიკაცია მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას. სწრაფი ტრანსპორტირების საშუალება ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას ბევრი მიმართულებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს იქნება ტურიზმი.
ტურიზმის ხელშეწყობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ნატახტარი-მესტიის ავიარეისის არსებობა გაზრდის ტურისტების მოტივაციას, ეწვიონ სვანეთს. ასევე მისასალმებელია, რომ ამ პროექტის ფარგლებში ქართულ კომპანიას ექნება საშუალება გადაამზადოს ქართველი მფრინავები და ტექნიკოსები, რაც კიდევ ერთი ხელშემწყობი იქნება ქართული მცირე ავიაციის განვითარებისთვის" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მესტიის მიმართულებით ფრენებს ქართული ავიაკომპანია "სერვისეირი" შეასრულებს, რომელმაც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია რეისებს ახალი, ჩეხური 15-ადგილიანი თვითმფრინავებით განახორციელებს. მგზავრებისთვის თბილისსა და ნატახტარს შორის მიმოსვლა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსით უფასო იქნება.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ღია და გამჭირვალე ტენდერში გაიმარჯვა სწორედ ქართულმა ავიაკომპანიამ „სერვის ეარმა“, რაც ქართული ავიაციის განვითარების გზაზე კიდე ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ტურიზმის ხელშეწყობის და რეგიონალური განვითარების ჭრილში მნიშვნელოვანია საქართველოში მცირე ავიაციის განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებელია ქართული ავიაკომპანიების გაძლიერება და რეგიონული მცირე აეროპორტებისა და აეროდრომების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და მესტიის მიმართულების რეისების შესრულება ნატახტარის აეროდრომიდან ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია.

ჩვენი მიზანი იქნება არა მარტო მესტიის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების განხორციელების უზრუნველყოფა, არამედ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ განვითარდეს შიდა ავიაგადაზიდვები სხვადასხვა რეგიონულ აეროპორტებშიც“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, თბილისიდან მესტიის მიმართულებით ავიარეისები საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობის ხანგრძლივობას (7-8 სთ.) 45 წუთამდე შეამცირებს.

რეისები შესრულდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. (გაფრენა 11:00; გამოფრენა-14:00). ავტობუსი, რომელიც მგზავრებს უფასოდ გადაიყვანს ნატახტარის აეროდრომისკენ, კვირაში სამჯერ გავა თბილისიდან, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან და ამავე ადგილზე ჩამოიყვანს მესტიიდან ჩამოსულ მგზავრებს ნატახტარის აეროდრომიდან. ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით იქნება 65 ლარი. აღსანიშნავია, რომ ეს არის სახელმწიფოს სუბსიდირების შედეგად მიღებული ფასი, რადგან ავიაკომპანიას ერთი მგზავრის გადაყვანა გაცილებით ძვირი უჯდება.

სახელმწიფოს 3 წლის მანძილზე განსაზღვრული აქვს ლიმიტირებული სუბსიდიით ავიაფრენების წახალისება, რათა მგზავრებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს ბილეთის შეძენა, ასევე კომპანიამ შეძლოს კონკურენტული ფასებით მეტი რეისის განხორციელება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფრენა ზამთრის პერიოდში.

მსურველებს ბილეთების შეძენა შეეძლებათ „ვანილა სქაის“ სალაროებში ნატახტარის აეროდრომზე და თბილისში მისამართზე: ბამბის რიგი N11; მესტიაში ბილეთები გაიყიდება მესტიის აეროპორტის სალაროებში;

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ფოტო

ფრენები მესტიის მიმართულებით
ფრენები მესტიის მიმართულებით
ფრენები მესტიის მიმართულებით
ფრენები მესტიის მიმართულებით
ფრენები მესტიის მიმართულებით
ფრენები მესტიის მიმართულებით