საზოგადოება | თბილისი

262 დევნილ ოჯახს ბინები დაუკანონდება

262 დევნილ ოჯახს ბინები დაუკანონდება
262 დევნილ ოჯახს ბინები დაუკანონდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა-დაკანონების თემაზე ბრიფინგი გამართა. კერძოდ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ სახელმწიფოს გადმოსცა დაბა წყნეთში გურამიშვილის #7-ში განთავსებული 3 კორპუსი, მათი მიმდებარე ტერიტორია და თბილისის ზღვაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსი, რომელიც 6 შენობას მოიცავს. ორივე ობიექტზე წლების განმავლობაში ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნულ ქონებას გადასცემს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე. ორივე ობიექტის საცხოვრებელი ფართი გადანაწილდება 262 ოჯახზე, ისინი შესაბამისი პროცედურების შემდეგ აღნიშნულ საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში მიიღებენ.

ახლანდელი ხელისუფლების პირობებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროების ერთობლივი მუშაობის შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით იძულებით გადაადგილებულ პირებს გადაეცათ 150-მდე ობიექტი, 2000-მდე ოჯახს უკვე საკუთარი ბინა აქვს. ობიექტების ნაწილში ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ისინიც იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთრებაში გადაეცემათ. მთავრობა ამ მიმართულებით მომავალშიც ინტენსიურად იმუშავებს.

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ვიდეო