საზოგადოება | თბილისი

კონკურსში ,,სამეფო გვირგვინი“ მონაწილე მოსწავლეთა დაჯილდოება

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ნიკო ბაგრატიონის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის სასწავლო-შემეცნებით და შემოქმედებით კონკურში ,,სამეფო გვირგვინი“ მონაწილე მოსწავლეთა (VII-XI კლასი) დაჯილდოება.

ნიკო ბაგრატიონის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის მიერ დაფუძნებულმა სასწავლო-შემეცნებითმა და შემოქმედებითმა კონკურს-ფესტივალმა ,,სამეფო გვირგვინი“ დიდი აღიარება მოიპოვა 2012-2013 სასწავლო წელს. კონკურსში 150 აღსაზრდელმა მიიღო მონაწილეობა.

სკოლა-ლიცეუმი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა. სასწავლო პროცესი წარიმართება ზოგადსაგანმანათლებლო (საჯარო) სკოლების პროგრამების მიხედვით. დამატებით, რელიგიურ-საგანმანათლებლო პროფილის შესაბამისად ისწავლება: კატეხიზმო (კატეხიზაცია-მომზადება), ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები, ეკლესიის ისტორია, საქართველოს ეკლესიის ისტორია, წმინდანთა ცხოვრება, საეკლესიო სამართლის საფუძვლები, ხატვა, გალობა, ასევე, ქართული სიმღერა, ცეკვა და სხვ. მსურველთათვის გათვალისწინებულია სპორტულ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშთა კრებული. სკოლა-ლიცეუმს ჰყავს მოძღვარი.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გამუდმებით შეგვახსენებს მოზარდის აღზრდის დიდმნიშვნელოვან საქმეში ოჯახის, სკოლისა და ეკლესიის ერთობლივი მონაწილეობის შესახებ, მოსწავლეთათვის ჩვენს სახელოვან წინაპართა დიდ მამულიშვილურ და საგმირო საქმეთა გაცნობის აუცილებლობას. აღნიშნული ფესტივალის, კონფერენციისა და მხატვრული ტურების ჩატარების აუცილებლობა სწორედ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევის გამოძახილს წარმოადგენს.

კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეები, გააძლიეროს მათი ორიენტაცია ქრისტიანულ, ეროვნულ და ტრადიციულ ფასეულობებზე, კულტურაზე; ყურადღება გაამახვილოს ქართველ მეფეთა, ღვთისმსახურთა, წმინდანთა, მხედართმთავართა, ქართველ ხელოვნების მოღვაწეთა ცხოვრებასა და დამსახურებაზე. კონკურსი ჩატარდა დევიზით - ,,მამული, ენა, სარწმუნოება, მეფე’’.

კონკურსის ფარგლებში გაიმართა კონფერენციები: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, ისტორიაში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ღვთისმეტყველებაში (კატეხიზაცია ბიბლიაში).

მისამართი: ელია მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.

დასწრება თავისუფალია.

წყარო: საპატრიარქოს ახალგზრდული ცენტრი