საზოგადოება | თბილისი

ლიტერატურული ფორუმ - დიალოგი 2014

კულტურის სამინისტროში გაიხსნება ლიტერატურული ფორუმ - დიალოგი გამომცემლებისთვის, მთარგმნელებისა და მწერლებისთვის.

მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა სამუშაო სესიები, რომელიც მოიცავს პრეზენტაციებსა და დისკუსიებს საგამომცემლო, ლიტერატურული და მთარგმნელობითი საკითხების შესახებ.

ფორუმ - დიალოგს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი გახსნის და მას ქართველი და უცხოელი გამომცემლები, მწერლები, მთარგმნელები, კრიტიკოსები და ლიტერატურის აგენტები დაესწრებიან.

ფორუმ - დიალოგის ეგიდით, თბილისს 17 - მდე უცხოელი გამომცემელი, ჟურნალისტი, მთარგმნელი და ლიტერატურის აგენტი ეწვევა (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, უნგრეთი, ბულგარეთი).

სამდღიანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სტუმრების ვიზიტი თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალზე; შეხვედრა ქართველ მწერლებთან მწერალთა სახლში; სტუმრების ვიზიტი ქართველი კოლეგების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და მათი საგამომცემლო მენეჯმენტის სტრუქტურის გაცნობის მიზნით ქართულ გამომცემლობებსა და წიგნის მაღაზიებში. IV ლიტერატურული ფორუმ - დიალოგის მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, ასევე - უცხოური ლიტერატურის პოპულარიზაციას საქართველოში.

აღნიშნული ღონისძიება ემსახურება უცხოელ და ქართველ გამომცემლებს, მთარგმნელებს, ლიტერატურის აგენტებსა და მწერლებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას და სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი პროექტების შემუშავებას, ასევე - ლიტერატურის მეშვეობით კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას.

ფორუმ - დიალოგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში საგამომცემლობო სექტორისა და წიგნის ინდუსტრიის განვითარებისათვის, თარგმანების რაოდენობის ზრდის, ქვეყანაში მთარგმნელობითი პროცესის გამოცოცხლებისა და მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელის, როგორც პროფესიის განვითარებისათვის.

ლიტერატურული ფორუმ - დიალოგი იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ინსტიტუტისა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით.

წყარო: კულტურის სამინისტრო