'ნანძინი 2014' ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩინეთში

ჩინეთის 8 მილიონიანი ქალაქი ნანძინი, რიგით მეორე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორუმს დიდი ტრადიცია არა აქვს და საერთაშორისო სპორტულ რუკაზე სულ რაღაც 4 წლის წინ გაჩნდა, მის პრესტიჟულობაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება.
სინგაპურიდან ნანძინამდე გაიზარდა საქართველოს სპორტული დელეგაციაც. თუ პირველ თამაშებში მხოლოდ 5 სპორტსმენი გვყავდა, ამჯერად ნანძინის არენებზე 12 ჩვენებური მოსინჯავს ძალებს.
25 ივნისს, სეოკ - ის ოფისში „ნანძინი 2014" - ის ლიცენზიანტთა წარდგენა მოხდა, რომელსაც სეოკ - ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და პირველი ვიცე - პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი უძღვებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე.
ლერი ხაბელოვმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ამ თამაშების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იქ წარმატებული გამოსვლა ქართული სპორტის მომავლისთვის ძალზედ საჭიროა. „მიმდინარე ოლიმპიურ ციკლში, „ნანძინი 2014" სეოკ - ისთვის ერთ - ერთი პრიორიტეტულია. ის იგივე ოლიმპიური თამაშებია, ოღონდ საყმაწვილო ასაკში. ამიტომაც ამ ფორუმს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ჩვენი სპორტსმენები დაახლოებით 15 სახეობაში იბრძოდნენ ლიცენზიების მოსაპოვებლად და ბუნებრივია, სეოკ - იც მაქსიმალურად უწყობდა მათ ხელს. შესაძლოა, ვინმემ თქვას, 12 საგზური ცოტა არისო, მაგრამ აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ სოკ - მა შერჩევის ძალზედ რთული კრიტერიუმები დააწესა. ამიტომაც მოპოვებული თორმეტი ლიცენზიით უკმაყოფილონი არ ვართ, მითუფრო რომ სინგაპურში სულ 5 ათლეტი გვყავდა. მინდა ყველა თქვენთაგანს წარმატებები გისურვოთ. "იმედია, ნანძინის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, მედლების მხრივ ჩვენთვის უხვმოსავლიანი იქნება " - აღნიშნა სეოკ - ის პრეზიდენტმა.
„ნანძინი 2014" - მდე ორ თვეზე ნაკლებიღა დარჩა და სპორტსმენებიც დასკვნით მოსამზადებელ ეტაპზე გადადიან. შეხვედრაზე, ფედერაციათა წარმომადგენლებმა და მწვრთნელებმა სეოკ - ის ხელმძღვანელებს მზადების სამომავლო გეგმებიც გააცნეს. იმედი გამოითქვა, რომ ჩვენი სპორტსმენები ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს ფორმის პიკში შეხვდებიან.
http://geonoc.org.ge/?lang_id=GEO
საქართველოს დელეგაცია ნანძინგში 12 აგვისტოს გაემგზავრება.