სპორტი | თბილისი

შშმპ ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სპორტული აქტივობებისა და სწავლების პროგრამის პრეზენტაცია

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში (ჩოლოყაშვილის 9) გაიმართება სამინისტროს მიერ 2014 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სპორტული აქტივობებისა და სწავლების პროგრამის პრეზენტაცია.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, პროგრამის ფარგლებში 2014 წლის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, სასწავლო კურსები და ჩატარდება შეჯიბრები სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

2014 წლის თებერვლიდან შშმ პირებს საშუალება მიეცემათ გაიარონ სასწავლო კურსი და წვრთნები სპორტის შემდეგ სახეობებში:

  • პარაკალათბურთი
  • შაში, ჭადრაკი
  • ბადმინტონი
  • ჯომარდობა
  • მეკლდეურობა

2013 წელს დაწყებული სასწავლო კურსი მეკლდეურობაში, ძალიან წარმატებული აღმჩნდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართულნი აღნიშნულ პროგრამაში.

სამინისტრო ასევე გეგმავს ახალგაზრდების ჩართვას პარაოლიმპიურ სპორტის სახეობებში.

სასურველ სპორტის სახეობაში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდები უნდა დარეგისტრირდნენ 2014 წლის 1 მარტამდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ათვირთული სარეგისტრაციო განაცხადის მეშვეობით.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პარტნიორები შშმ პირთა ინტეგრაციის პროგრამით გათვალისწინებულ სპორტულ აქივობებში არიან: პარაოლიმპიური კომიტეტი, მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“, მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემოსათვის“, კალათბურთის, შაშის, ჭადრაკის, ბადმინტონის, მეკლდეურობისა და ჯომარდობის ფედერაციები.

პრეზენტაციის მხარდამჭერები არიან: საკონდიტრო მაღაზია „მადა“ და კომპანია „RED BULL“

წყარო: სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო