სპორტი | ბათუმი

საქართველო 2014: სპორტული ფესტივალი ბათუმში

საქართველო 2014: სპორტული ფესტივალი ბათუმში
საქართველო 2014: სპორტული ფესტივალი ბათუმში

სპორტულ ფესტივალს „საქართველო 2014" ბათუმი უმასპინძლებს. საფესტივალო ღონისძიებები ბულვარში განლაგებულ სპორტულ მოედნებზე გაიმართება.

ზღვისპირა ქალაქში სპორტული შეჯიბრებები, ტრადიციულად, სპორტის სამ სახეობაში გაიმართება. არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვისპირა პარკში არსებულ მოედნებზე მაგიდის ჩოგბურთსა და სამოყვარულო ხელბურთში მონაწილეთა რეგისტრაცია დილის 11სთ-დან დაიწყება, ხოლო შეჯიბრებები 12სთ-დან აიღებს სტარტს და პარალელურად წარიმართება, რის შედეგადაც რეგიონალური ჩემპიონები გამოვლინდებიან.

მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ერთეულთა შორის გაიმართება, სადაც მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის ქალ და ვაჟ მოყვარულებს შეუძლიათ, რომლებიც ბრმა წილისყრის შედეგად, შერეული პრინციპით გამოავლენენ საუკეთესოებს. რაც შეეხება სამოყვარულო ხელბურთს, სპორტის ამ სახეობაში ასეთი მასშტაბური შეჯიბრება საქართველოში პირველად ტარდება და აქაც მონაწილეთა შორის გენდერული ბალანსია დაცული: თითო გუნდი ორ-ორი ვაჟი და ქალი მოყვარულით უნდა იყოს დაკომპლექტებული, სადაც მონაწილეთა შერჩევა ასევე თავისუფალი პრინციპით ხდება.

საფესტივალო დღე მინი-ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთის ლიგის V ტურის მატჩებით დასრულდება. ამ ტურამდე, 10 ქულით ლიდერი „სამტრედიაა", რომელსაც კვალში მიყვებიან ბათუმური გუნდები. „ბათუმის წყალი" 9 ქულით მეორეა, ხოლო ბათუმის „ბათუმს" 8 ქულით მესამე პოზიცია უკავია. ფლეი-ოფში გამსვლელ მეოთხე ადგილს კი 7 ქულით ჯერჯერობით ოზურგეთელები იკავებენ.

ფესტივალი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მხარდაჭერით და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით იმართება, მიზნად ისახავს საქართველოში სამოყვარულო სპორტის განვითარებას, მასობრიობის ზრდას, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მის პოპულარიზაციას.

ბათუმი ზესტაფონის, რუსთავის, ოზურგეთის და დუშეთის შემდეგ, რიგით მეხუთე ქალაქია, რომელიც საფესტივალო ღონისძიებებს უმასპინძლებს. ფესტივალის დასკვნითი, ფინალური ეტაპი კი 26-28 სექტემბერს გაიმართება.

წყარო: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო