აფიშა › თეატრი | თბილისი

ეთნომუსიკის თეატრის - „მთიების“ - თეატრალიზებული საღამო - „ზარი“

რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ეთნომუსიკის თეატრის - „მთიების“ - თეატრალიზებული საღამო - „ზარი“, რომელიც ეძღვნება მთიების ხელმძღვანელის გიგი გარაყანიძისა და ამავე თეატრის წევრის გიგა ხაინდრავას ხსოვნას.

„მთიები“ 1980 წელს დააარსა გამოჩენილმა ეთნომუსიკოლოგმა ედიშერ გარაყანიძემ . 2001-2012 წლებში „მთიებს“ მისი ვაჟი გიგი გარაყანიძე ხელმძღვანელობდა.

„ზარი“ ორნაწილიანია: პირველში ნაჩვენები იქნება სიმღერით თანხლებულ გლოვის რიტუალთა ერთობლიობა გარდაცვალებიდან წლისთავამდე. მეორე სააღდგომო ტრადიიცით - „ჭონით“- დაიწყება და ხალხური სიმღერის სხვადასხვა საინტერესო ნიმუში შესრულდება, „მთიებთან“ ერთად მაყურებლის წინაშე წარდგება ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია „ამერ-იმერი“.

„მთიები“ პირველყოფილი უშუალობითა და ბუნებრიობით შეასრულებს ქართველი ერის მიერ საუკუნეთა განმავლობაში შექმნილ მუსიკალურ ნიმუშებს, რომლებიც ქართულ ეთნოგრაფიულ გარემოში წეს-ჩვეულებების, რიტუალებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილია და ცეკვა-ფერხულებსა ან მსვლელობებთან ერთად თეატრალიზებულ სანახაობას ქმნის.

საღამოს მხარდამჭერია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. კონცერტი ფინანსურად უზრუნველყო ფონდმა „ქართულმა გალობამ“.

თეატრის ფოიეში მაყურებელი იხილავს გიგა ხაინდრავას ფოტოგამოფენას.

წყარო: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

ფოტო

„მთიების“ - თეატრალიზებული საღამო - „ზარი“
„მთიების“ - თეატრალიზებული საღამო - „ზარი“